პოლონელთა უარი - მატჩამდე მუხლს არც ისინი მოიდრეკენ
Aa
Aa

პოლონელთა უარი - მატჩამდე მუხლს არც ისინი მოიდრეკენ

ავტორიტეტული პოლონური გამოცემა sportowefakty-ის ცნობით, პოლონეთის ნაკრები უნგრეთს, ნიდერლანდებს, ხორვატიასა და რუსეთს შეუერთდა და Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში მატჩის დაწყებამდე მუხლს არც ისინი მოიდრეკენ.

წყაროს თანახმად, ეს გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელებმა მიიღეს.

პოლონელებმა ყველაფერი თავიანთ პირველ მატჩამდე გაარკვიეს, თუმცა „თეთრ-წითლები“ დაჩოქებაზე უარს პირველად არ ამბობენ. მსოფლიო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, რომელიც „უემბლიზე“ ინგლისის წინააღმდეგ გაიმართა, პოლონელებმა მუხლი არ მოიყარეს და ამის ნაცვლად ისინი მაისურებზე უეფას ლოგოსთან არსებულ Respect-ის წარწერას ხელით შეეხნენ.

ზემოხსენებულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციას ნელ-ნელა ბევრი ნაკრები ეთიშება, თუმცა ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ რასიზმი მათთვის მიუღებელია, მაგრამ მუხლებზე დადგომა და პრობლემასთან მსგავსი ფორმით ბრძოლა, ასევე მიუღებელი გახლავთ.

ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი ფერადკანიანი ფეხბურთელი, რომელმაც ხმა ამოიღო და ხსენებული აქციის წინააღმდეგ წავიდა „კრისტალ პალასის“ ინგლისელი შემტევი ვილფრიდ ზაჰა იყო.

„კრისტალ პალასის“ ფეხბურთელმა თავისი პოზიცია ასე ახსნა: „არ არსებობს სწორი, ან არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ მუხლებზე დაჩოქება მატჩის წინა რუტინის ნაწილი გახდა. ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა მუხლებზე ვართ, თუ არა - ზოგიერთები კვლავ განაგრძობენ ძალადობას.

როგორც საზოგადოებამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ სკოლებში უკეთესი განათლების სისტემა გვჭირდება და სოციალური მედიის კომპანიებმა უფრო მკაცრი სახე უნდა მიიღონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობას ინტერნეტის საშუალებით ახორციელებენ, არა მხოლოდ ფეხბურთელების მიმართ. მე ფეხზე დგომას განვაგრძობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები