ლერი ხაბელოვი ძალოსნობისა და ჭიდაობის  გუნდების შეკრებებს დაესწრო
Aa
Aa

ლერი ხაბელოვი ძალოსნობისა და ჭიდაობის გუნდების შეკრებებს დაესწრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელთან-ელგუჯა ბერიშვილთან ერთად ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც საწვრთნელ შეკრებას საქართველოს ძალოსნობისა და ჭიდაობის ეროვნული ნაკრები გუნდები გადიან.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ხელმძღვანელები საწვრთნელ პროცესს დაესწრნენ, გაესაუბრნენ სპორტსმენებსა და სამწვრთნელო შტაბს. ისაუბრეს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე და დელეგაციის თითოეული წევრის პასუხისმგებლობაზე.

საუბარი შეეხო ოლიმპიურ თამაშებზე დაწესებულ რეგულაციებს, ტესტირებასა და ვაქცინაციას.

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იაპონიაში, მათ შორის ტოკიოში, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გაუქმება არ იგეგმება. ინფორმაცია ცნობილი გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ჯონ კოუტსის  განცხადების შემდეგ. კოუტსის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც ჩატარდება.

ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში, ორი თვით ადრე, ტოკიოსა და ოსაკაში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდა. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გეგმაშია 36 მილიონზე მეტი ადამიანის აცრა. დღევანდელი მონაცემებით,  იაპონიის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ვაქცინირებული, დამატებით 5% კი ერთხელ მაინცაა აცრილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში (23 ივლისი - 8 აგვისტო) გაიმართება.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები