რთული პერიოდი დასრულდა - ლაკვეხელიანი მოედანს უბრუნდება
უნგრული ''მეზოკოვეშდის'' ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლაკვეხელიანი მძიმე ტრავმისა და გრძელვადიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ მოედანს უბრუნდება. CrystalSport-ის ცნობით მოთამაშე გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ, 8 ივნისს გამართავს. მას გასული სეზონის პირველ ნახევარში მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწდა, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.
ფეხბურთელმა უნგრულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ვარჯიშისთვის მზადაა, თუმცა საწყის ეტაპზე ორთაბრძოლებში შესვლისგან თავს შეიკავებს.
უმძიმესი ტრავმა
მან ტრავმა 2020 წლის 31 ოქტომბერს, ''ჰონვედთან'' გასვლით შეხვედრაში მიიღო. ლაკვეხელიანი შეტევაში აქტიურობდა, როცა მეტოქის ფეხბურთელმა მის წინააღმდეგ ვარდნა განახორციელა და ძალიან უხეშად იმოქმედა. ლაკვეხელიანი ფეხის მოტეხვას გადაურჩა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოთამაშეს გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ ''საბურთალოს'' ექს-მცველს მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა და მისთვის სეზონი დასრულებული იყო, ტრავმა გრძელვადიან სარეაბილიტაციო კურსს მოითხოვდა.
განვლილი კარიერა
22 წლის მოთამაშე ''საბურთალოს'' აღზრდილია. 2020 წლის ზაფხულში ლაკვეხელიანი თბილისური გუნდიდან უნგრულ კლუბში გადავიდა, სადაც რეგულარულად ასპარეზობდა. მარცხენა მცველმა, რომელიც შეტევაში აქტიური თამაშით გამოირჩევა, უნგრეთის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან უნგრეთის თასის ერთ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
ლაკვეხელიანს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ქომაგებს თავი ტექნიკური და სწრაფი თამაშით დაამახსოვრა.
მიმდინარე კვირაში CrystalSport-ი მოთამაშესთან ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ