მისტერ სამმაგი დუბლი - რასელ უესტბრუკმა ოსკარ რობერტსონის რეკორდი დაამხო
Aa
Aa

მისტერ სამმაგი დუბლი - რასელ უესტბრუკმა ოსკარ რობერტსონის რეკორდი დაამხო

„ვაშინგტონ უიზარდსის“ გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორია დაწერა. „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში „ბროდიმ“ მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა და NBA-ის რეკორდსმენი გახდა.

უესტბრუკმა 182-ე ტრიპლ დაბლი გააკეთა და კარიერაში დაგროვებული სამმაგი დუბლების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რასელმა ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს გადაასწრო, რომელიც კალათბურთიდან 1974 წელს, 181 სამმაგი დუბლით წავიდა და დიდი ხნის განმავლობაში მისი რეკორდის დამხობა ბევრს არარეალურად მიაჩნდა.

უესტბრუკმა ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, მაგრამ სამწუხაროა, რომ მისთვის ისტორიულ მატჩში „ვაშინგტონ უიზარდსმა“ წააგო. „ბროდიმ“ შეხვედრა 28 ქულით, 13 მოხსნითა და 21 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, მისი გუნდი კი „ატლანტასთან“ ერთი ქულით, 124-125 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, „ვაშინგტონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საკუთარ მიღწევაზე ისაუბრა და განაცხადა: „კალათბურთში უამრავ დროს დებ და მისთვის უამრავ მსხვერპლს იღებ და ისეთი მოთამაშეების გვერდით შენი სახელის ხსენება, როგორებიც ოსკარი, მეჯიქი, ჯეისონ კიდი და სხვები არიან, გახლავთ, ის, რაზეც ლოს ანჯელესში გატარებული ბავშვობისას ვერც კი ვიოცნებებდი. ასეთი მომენტების ნამდვილად მადლიერი ვარ. ძირითადად, საკუთარ თავს არ ვაქებ, მაგრამ დღეს ამას აუცილებლად გავაკეთებ. ყოველ საღამოს, ვცდილობ, ის გავაკეთო, რაზეც ხალხი ამბობს, რომ შეუძლებელია ან არ შემიძლია. ჩემი სლოგანი ასეთი გახლავთ - „რატომაც არა“ და სწორედ ასე ვფიქრობ და ვცხოვრობ“.

უესტბრუკის ისტორიული მიღწევის შემდეგ, „ვაშინგტონმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „ბროდის“ წარმატებაზე NBA-ის მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები საუბრობენ. რასელს რეკორდის მოხსნა ოსკარ რობერტსონმა, მეჯიქ ჯონსონმა, ჯეისონ კიდმა, ლებრონ ჯეიმსმა, ბრედლი ბილმა, ადამ სილვერმა, სკოტ ბრუქსმა და მისი ოჯახის წევრებმა მიულოცეს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „ვაშინგტონის“ მთავარი მიზანი პლეიოფის საგზურის მოპოვებაა. „უიზარდსს“ ამჟამად 32 მოგება და 37 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები