Aa
Aa

მოლაპარაკებები დაიწყო - ლაიპციგი სარეკორდო თანხას ითხოვს

გერმანული გამოცემა Sportbuzzer-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ლაიპციგს“ შორის, იულიან ნაგელსმანის თაობაზე, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ბავარიელებმა საქსონიელებს ოფიციალური წინადადებით მიმართეს.

ნაგელსმანს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ლაიპციგელები კი მის გამოსასყიდ თანხად 25-30 მილიონ ევროს ასახელებენ, რაც ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი იქნება. როგორც Sportbuzzer-ი წერს, კლუბის ხელმძღვანელობა, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორი - ოლივერ მინტცლაფი, შეთანხმდა, რომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნაგელსმანისთვის კარი ღია იქნება.

საქსონიელთა უფროსობამ ახალგაზრდა სპეციალისტის შესაძლო შემცვლელსაც მიაგნო და თუკი საჭირო გახდება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ზალცბურგის“ დამრიგებელ ჯესი მარშს დანიშნავს.

დაბრკოლებები და ვარიანტები

თავად ნაგელსმანს მიუნხენური გრანდის ჩაბარება სურს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბევრ რამეს ფინანსური დეტალები გადაწყვეტს. მან უკვე აღნიშნა, რომ „ლაიპციგს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი კლუბი მის სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს. საქსონიელთა მოთხოვნა კი საკმაოდ მსუყე და სოლიდურია.

„ბაიერნს“ მხოლოდ ფინანსური დაბრკოლება არ აქვს, მას ლონდონის „ტოტენჰემის“ კონკურენციის დაძლევაც მართებს. „დეზებს“ ნაგელსმანი ერთ-ერთ პრიორიტეტულ კანდიდატად ჰყავთ შეგულებული და საკითხზე მუშაობის დაწყებასაც გეგმავენ. თუმცა, თუკი ბავარიელები „ლაიპციგს“ კომპენსაციის ოდენობაზე შეუთანხმდნენ, ნაკლებად წარმოსადგენია, „ტოტენჰემს“ ახალგაზრდა მწვრთნელის გადაყვანის შანსი მიეცეს.

ნაგელსმანის პოზიცია

საკითხზე გასულ კვირას მცირე კომენტარი თავად 33 წლის მწვრთნელმაც გააკეთა: „არავითარი შეთავაზება არ არსებობს და არც ყოფილა. ამიტომაც, „ბაიერნის“ სურვილის შესახებ არაფერი ვიცი. უკვე გითხარით, რომ არ მინდა, ჩემს ამჟამინდელ დამსაქმებლებთან კონფლიქტში შევიდე და ეს სიტყვები ისევ ძალაშია“.

ნაგელსმანის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი „ლაიპციგის“ ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს და ბავარიელთათვის გარიგების მათთვის სასურველი ფინანსური გზით დასრულება, იოლი საქმე არ იქნება. ისე კი, იტალიურ პრესაში იწერება, რომ „რეკორდმაისტერის“ კიდევ ერთი კანდიდატი მასიმილიანო ალეგრია, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან უმუშევარია. პრიორიტეტი ნაგელსმანია, ალეგრი კი უფრო სათადარიგო ვარიანტად უნდა მივიჩნიოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები