''კვეკვესკირი მაღალი დონის მოთამაშეა'' - ლეხის მთავარი მწვრთნელი ქართველს აქებს
Aa
Aa

''კვეკვესკირი მაღალი დონის მოთამაშეა'' - ლეხის მთავარი მწვრთნელი ქართველს აქებს

პოზნანის ''ლეხის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაცეი სკორჟამ გუნდის ქართველი ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა. პოლონელი სპეციალისტის თქმით მიმდინარე წელს მოლაპარაკებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მართავდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

''ნიკას თამაშს კარგად ვიცნობ. მიმდინარე წლის დასაწყისში მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან ვაწარმოებდი, რის გამოც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მატჩები ვნახე. ნიკას ასპარეზობას თვალს ვადევნებდი და მან მაღალ დონეზე ითამაშა, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული მოლაპარაკება შეთანხმებით არ დასრულდა.

თქვენ იცით, რომ ნიკას მაღალი დონის ფეხბურთელისთვის შესაბამისი უნარები აქვს. დიდი ინტერესი მაქვს თუ როგორ იმუშავებს, როგორ ჩაატარებს შემდეგ შეხვედრებს''.

ნიკა კვეკვესკირი პოლონური კლუბის მოთამაშე გასულ ზამთარში გახდა. როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი დარიუშ ზურავი იყო, მას სასტარტოში თამაში არ უწევდა, თუმცა ახლახანს ''ლეხის'' მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. კვეკვესკირმა ბოლო ორი მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ''ლეგიასთან'' შეხვედრაში ''ლეხის'' მთავარი მწვრთნელის ფუნქციები დროებით იანუშ გორამ შეასრულა და სწორედ მან ათამაშა პირველად სასტარტოში 28 წლის საყრდენი. აღსანიშნავია, რომ ''ლეგიასთან'' ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გასულ ტურში პოზნანურმა გუნდმა ''რაკოვთან'' ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ნეიტრალურ მოედანზე 3:1 დამარცხდა. სკორჟამ კვეკვესკირი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა.

შეგახსენებთ, კვეკვესკირის თანაგუნდელი ნიკა კაჭარავაა, რომელიც ამჟამად ლისაბონის ''ბენფიკასთან'' მიღებული მძიმე ტრამვის გამო სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები