„მხოლოდ ერთი იარაღი აქვს, მისი დანოკაუტება შემიძლია
Aa
Aa

„მხოლოდ ერთი იარაღი აქვს, მისი დანოკაუტება შემიძლია" - სტამანი დვალიშვილზე

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქემ, კოდი სტამანმა მერაბისა და მასთან გასამართი ჩხუბის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი და მერაბის ბრძოლის რამდენჯერმე გადადების გამო უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდი და დაბნეული ვიყავი, თუმცა ის გავაკეთე, რასაც ყოველთვის ვაკეთებ და სავარჯიშო დარბაზში დავბრუნდი. მოგვიანებით, მერაბის სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდა და მაშინ ვთქვი, რომ ამ ბიჭისთვის ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი და სხვასთან ჩხუბი მსურდა.

შემდეგ დვალიშვილმა Xtreme Couture MMA-ში სიარული დაიწყო და იმ ბიჭებთან ვარჯიშობდა, რომლებთანაც მე ვარჯიშობდი. სწორედ მათ მითხრეს, რომ მერაბთან უნდა მეჩხუბა და როცა ვკითხე, ეს რატომ უნდა გამეკეთებინა, ასეთი პასუხი მივიღე: „შენ მასზე უკეთესი მებრძოლი ხარ. ჩვენ მასთან ვვარჯიშობდით და ვიცით, რა შეუძლია და მას აუცილებლად უნდა ეჩხუბო“. პოზიცია ამიტომ შევიცვალე და გადავწყვიტე ბრძოლის გამართვას დავთანხმებოდი. მერაბის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლას არ ვაპირებდი და სხვა მეტოქე მინდოდა, მაგრამ გადაწყვეტილება შევცვალე.

დვალიშვილის მსგავს მოწინააღმდეგესთან ჩხუბისთვის მომზადებისას ორ რამეზე უნდა გაამახვილო ყურადღება - კარდიო და ჭიდაობა. 4 თვეა ამას ვაკეთებ და ამის გაგრძელება არ მინდოდა, თუმცა როცა მერაბისნაირ მეტოქესთან გიწევს ჩხუბი, რომელიც უბრალოდ არ იღლება, ზუსტად ასე უნდა ივარჯიშო. ჯოჯოხეთი გამოვიარე, 6 თვე ერთ მეტოქესთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად არასდროს მქონია და მაინტერესებს დვალიშვილი რას დამიპირისპირებს და ამდენი ვარჯიშის შემდეგ, რას შევძლებ.

მერაბის სტილი ქლინჩი და იქიდან მეტოქის არ გაშვებაა. სწორედ ამიტომ, მასთან ბრძოლას თავს ბევრი არიდებს, თუმცა მე გამონაკლისი ვარ. როცა მოჭიდავეები თეიქდაუნებს ვერ ახორციელებენ, სასოწარკვეთილები ხდებიან და მათთვის ყველაფერი ცუდისკენ მიდის. როცა მეტოქის მთავარ იარაღს ანეიტრალებ, მან აღარ იცის, რა გააკეთოს და პრობლემები ექმნება. მერაბს ჭიდაობის გარდა სხვა იარაღი არ აქვს. დგომში ის არაფრით გამოირჩევა და მისი მოძრაობების პროგნოზირება მარტივია. იგი ათლეტური და სწრაფია, მაგრამ ჩემი ყველა მოწინააღმდეგე ასეთი იყო.

ამ ბრძოლაში აუტსაიდერი ვარ და სიმართლე გითხრათ, არ მესმის ასე რატომაა. მერაბი მოჭიდავეა, მე მოჭიდავე და სტრაიკერი ვარ. მე მასზე მეტი ოფცია მაქვს და ოქტაგონზე ეს უმნიშვნელოვანესია. სტილის მხრივ ეს დაპირისპირება ძალიან მომწონს. მომწონდა დეკემბერში, მომწონდა მარტში და უფრო მეტად მომწონს მაისში, რადგან მასთან ბრძოლისთვის ახლა უფრო მზად ვარ. დეკემბერში რომ გვეჩხუბა, მას უპირატესობა ექნებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

ჩვენი ბრძოლა შესაძლოა, 15-წუთიანი ჯოჯოხეთი იყოს ან მალევე დასრულდეს. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ მერაბის დანოკაუტება შემიძლია. მას ისეთი დონის მეტოქეები არ ჰყოლია, როგორებიც მე მყავდა. იგი ტოპ 15-ში დიდი ხანი არ ყოფილა. მისი ყველაზე რთული ოპონენტი ჯონ დოდსონი იყო, მაგრამ ეს ბიჭი ფორმის პიკში 7-8 წლის წინ გახლდათ და თან ერთით მაღალ დივიზიონში იბრძოლა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სტამანის შერკინება 1-ელ მაისს გაიმართება. მერაბი ბრძოლას ზედიზედ 5 გამარჯვებით ხვდება და თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებს. სტამანმა ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები