Aa
Aa

"ოჯახს მეტ დროს ვუთმობ" - ლამპარდის პირველი ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ

ფრენკ ლამპარდმა „ჩელსიდან“ გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველად ისაუბრა. ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მას „არისტოკრატების“ დატოვების შემდეგ ახალი შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა არ მიიღო. ფრენკი უფრო კარგ და სრულყოფილ წინადადებას ელოდება.

ლამპარდი თავის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დეკლან რაისის შეძენა სურდა, მაგრამ არ გამოვიდა. გეტყვით, რომ ინგლისელმა სპეციალისტმა თავისი ბოლო 8 შეხვედრიდან 5 წააგო და გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა. ფრენკი ტომას ტუხელმა ჩაანაცვლა, რომელმაც „ჩელსის“ შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ამ მომენტისთვის ლამპარდი ფეხბურთისგან ისვენებს. ცნობილია, რომ მას „ბორნმუთის“ და ინგლისის ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელობას სთავაზობდნენ, თუმცა ლამპარდმა უარი თქვა.

რა თქვა ლამპარდმა?

„როგორც არ უნდა ფიქრობდე და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო შეიძლება ნებისმიერ დროს გაგათავისუფლონ. ასეთი ფაქტები გაჩვენებს თუ რა შეიძლება იყოს ცხოვრებაში პრიორიტეტული. ეს მაშინ მოხდა, როდესაც შვილი შემეძინა და ახლა ბევრად მეტ დროს ვუთმობ მას და ჩემს ოჯახს.

ოჯახთან ერთად დიდ ხანს ყოფნა ძალიან კარგია. მქონდა რამდენიმე სასიამოვნო შემოთავაზება, თუმცა უარი ვთქვი. სამსახურიდან გამომდინარე ოჯახისთვის ბევრი დრო არასდროს მქონდა. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ. ფეხბურთს ჩამოვშორდი, მაგრამ ტელევიზორის საშუალებით მუდამ ვადევნებ მოვლენებს თვალს.

ფეხბურთს ყოველდღიურად ვუყურებ. ამ სპორტში გამუდმებით შეიძლება რაღაცის სწავლა და მე სწორედ ამას ვაკეთებ. მსურს გაცილებით ძლიერი და გამოცდილი დავუბრუნდე სამწვრთნელო საქმიანობას.

„ჩელსიში“ მუშაობის დროს დეკლან რაისის გადმობირება მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა კარგად ხედავთ მის პროგრესს. დეკლანის გარეშე ინგლისის ნაკრები წარმოუდგენელია. ძალიან გაგვიმართლა, რომ ის ინგლისელია და ასევე „ვესტ ჰემსაც“ გაუმართლა, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ.

რაისი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ გადმოვიყვანეთ, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთი კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. „ვესტ ჰემმა“ კარგად იცის თუ რა დონის მოთამაშე ჰყავთ გუნდში.“

"ჩელსი" დღეს

ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით ლონდონურმა კლუბმა ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია. „არისტოკრატები“ 14 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებლები იყვნენ. სამწუხაროდ ისინი გასულ ტურში „ვესტ ბრომვიჩთან“ დამარცხდნენ და წარმატებული სერია შეწყდა.

მიუხედავად ამისა, „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ პირველ დაპირისპირებაში სტუმრად „პორტუ“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ „ლურჯები“ შემდეგ ეტაპზე გავლენ, მადრიდის „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები