Aa Aa
8 აპრილი 2021  |  13:51

„აქ ტიტულების მოსაგებად ვარ" - ხარაიშვილის ვრცელი ინტერვიუ

„ფერენცვაროშის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ხარაიშვილმა უნგრულ სპორტულ ვებგვერდს, nemzetisport.hu-ს ინტერვიუ მისცა და ახალი კლუბისა და სადებიუტო გოლის შესახებ ისაუბრა.

„კვირას ფერენცვაროშის მაისურით პირველი გოლი გაიტანე. დიდი ტვირთი მოგეხსნა“?

ხარაიშვილი: „ბედნიერი ვარ, სადებიუტო ბურთი რომ შევაგდე. პირველი გოლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„მეორე ნახევარში მეტოქე გატეხეთ და 4 გოლი გაუტანეთ. როგორ ფიქრობ, იოლი მატჩი იყო“?

ხარაიშვილი: „სულაც არა. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. მოწინააღმდეგის დაცვაში სივრცეებს ვეძებდით, მაგრამ ვერ ვპოულობდით. მნიშვნელოვანი იყო, მოთმინება გამოგვეჩინა და არ ავჩქარებულიყავით. 4 გოლი გავიტანეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მარტივი შეხვედრა იყო“.

„თავით წარმატებულ დარტყმებს ხშირად ახორციელებ“?

ხარაიშვილი: „ეს კომპონენტი გასაუმჯობესებელია და ამის არ მრცხვენია. თანაც ხარატინმა დაინახა, რომ თავისუფალ პოზიციაში ვიყავი და ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა ბურთის კარში გადაგზავნა იყო. მოედანზე ყოფნისას მას შესანიშნავი საგოლე პასისთვის მადლობა გადავუხადე და შემდეგ გასახდელშიც გავესაუბრე. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც იქნა თავი რომ გამოვიჩინე“.

„გუნდში სადებიუტო გოლთან დაკავშირებით რაიმე ტრადიცია არსებობს? შესაძლოა, პირველი გოლის შემდეგ შენი თანაგუნდელებისთვის პიცა შეუკვეთო ან მათ ნამცხვრით გაუმასპინძლდე“

ხარაიშვილი: „ნორმალური პერიოდი რომ იყოს, ჩემს თანაგუნდელებს სადილზე და ცოტა დასალევზე დავპატიჟებდი, მაგრამ უნდა მოვიცადო, სანამ რესტორნები გაიხსნება. რა თქმა უნდა, მათი დარწმუნება მომიწია, რომ ამას ნამდვილად გავაკეთებ. არ ვარ ადამიანი, რომელსაც მსგავსი რამ ავიწყდება. თუ შანსი გაჩნდება, მათ ვალს აუცილებლად დავუბრუნებ“.

„უნგრეთში შვედეთიდან წამოხვედი. ვინმეს ჰკითხე რჩევა, სანამ კლუბს შეიცვლიდი“?

ხარაიშვილი: „არა, გადაწყვეტილება თავად მივიღე“.

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ლაშა დვალი ფერენცვაროშში თამაშობს. მისთვისაც არ გიკითხავს“?

ხარაიშვილი: „არა, რადგან ამის დრო არ მქონდა და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ვიცოდი, რომ ფერენცვაროში მაკვირდებოდა და ჩემი რამდენიმე მატჩი ნანახი ჰქონდა. როცა აგენტმა მითხრა, რომ კლუბის ინტერესი სერიოზული იყო და ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურდათ, ბევრი არ მიფიქრია. ფერენცვაროშს ვიცნობ და კარგად ვიცი, რომ რამდენიმე თვის წინ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. ბარსელონასა და იუვენტუსის წინააღმდეგ გამართულ მატჩებსაც ვუყურე და წაგების მიუხედავად, კლუბი დამაჯერებელი გახლდათ. შესაბამისად, ყველაფერი აშკარა იყო და მინდა, აქ თავი გამოვიჩინო“.

„გიოტებორგის ღირსებას 3 წლის განმავლობაში იცავდი. მოგწონდა იქ ცხოვრება და ფეხბურთის თამაში“?

ხარაიშვილი: „შვედეთში კარგი დრო გავატარე. 3 წლის წინ გიოტებორგში იჯარის წესით გადავედი, თუმცა სათამაშო დრო თავიდანვე მომეცა და 27 შეხვედრაში 9 გოლი გავიტანე, რის შემდეგაც კლუბმა ჩემი კონტრაქტი გამოისყიდა. გოტენბურგი შესანიშნავი ქალაქია და იქ თამაში და ცხოვრება ძალიან მომწონდა, თუმცა ფერენცვაროში წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან შესანიშნავ კლუბში გადმოვედი“.

„მარნეულში გაიზარდე და ფეხბურთის თამაში რა ასაკში დაიწყე“?

ხარაიშვილი: „6-8 წლიდან. მამაჩემი ფეხბურთელი იყო და კითხვის ნიშანიც კი არ არსებობდა, რომ მეც ფეხბურთელი გავხდებოდი. მამაჩემი და ჩემი ძმა ბაღში ბურთს მთელი დღის განმავლობაში აგორავებდნენ. ჩემი ძმა ფეხბურთელია და საქართველოში თამაშობს. ბავშვობაში გოლების გატანა მიყვარდა და არა მხოლოდ ფლანგზე, არამედ თავდამსხმელის პოზიციაზეც ვასპარეზობდი“.

„ბუდაპეშტში მარტო გადმოხვედი“?

ხარაიშვილი: „არა, ჩემს მეუღლესთან ერთად. 24 წლის ვარ და 2 წელია დაოჯახებული გახლავართ“.

„თუ შაბათს პუშკაშ აკადემიას დაამარცხებთ, ფერენცვაროში ჩემპიონი გახდება და შეგეძლება დიდ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა“...

ხარაიშვილი: „ჩემს კარიერაში ჩემპიონატის პირველად მოგება საოცარი გამოცდილება იქნება. შვედეთში თასი მოვიგე, მაგრამ ჩემპიონატში პირველი ადგილი არასდროს დამიკავებია. უნგრეთში ტიტულების დასასაკუთრებლად მოვედი და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამ კვირას ჩემპიონები გავხდებით“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში