Aa Aa
8 აპრილი 2021  |  01:20

პორტუ VS ჩელსი - მატჩის შემდეგ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველი შეხვედრა „პორტუსა“ და „ჩელსის“ შორის. „არისტოკრატებმა“ 2:0 გაიმარჯვეს და ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. ლონდონელთა მხრიდან თავი მეისონ მაუნთმა და ბენ ჩილველმა გამოიჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს.

საინტერესო ფაქტები

„ჩელსის“ შემადგენლობაში მეისონ მაუნთი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი გაიტანა. ინგლისელმა ნახევარმცველმა „პორტუს“ კარი 22 წლის და 87 დღის ასაკში აიღო.

ტუხელი გახდა „არისტოკრატების“ პირველი დამრიგებელი, რომელმაც „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ზედიზედ 3 მატჩი მოაგებინა.

2012 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის“ მხრიდან ერთ შეხვედრაში 2 გოლი ერთი ეროვნების წარმომადგენლებს აღარ გაუტანიათ. დღეს კი ეს ჩილველმა და მაუნთმა მოახერხეს. უკანასკნელად ეს „ნაპოლის“ წინააღმდეგ ტერიმ და ლამპარდმა გააკეთეს.

რა თქვა ტუხელმა მატჩის შემდეგ?

„ჩვენ ერთად ბევრი მოგება დაგვიგროვდა. წავაგეთ კიდეც, მაგრამ დღეს გუნდმა წინა მარცხის შემდეგ საოცარი ხასიათი გამოავლინა და გაიმარჯვა. ასეთი ფაქტები კოლექტივს უფრო აახლოვებს და ერთ ოჯახად აქცევს. ერთმანეთში უდიდესი ნდობა გვაქვს.

რთული მატჩი იყო ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. არაერთი მომენტი შეგვიქმნეს, მაგრამ გავუმკლავდით. კარგები ვიყავით და ზოგადად ასეა. თუ გინდა, რომ ამ ეტაპზე გაიმარჯვო კარგად უნდა ითამაშო.

მაუნთის გოლი ძალიან გამიხარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო. სტუმრად გატანილი გოლი მეტ სიმშვიდეს იძლევა და ყველას ნერვებს ამშვიდებს. ეს არ იყო ადვილი დარტყმა, მაგრამ ზუსტი გამოვიდა. მეისონმა იმ მომენტში სწორი გადაწყვეტილება მიიღო."

რა თქვა კონსეისაომ მატჩის შემდეგ?

„შედეგი ძალიან მკაცრია. ბოლოს ყველაფერი გოლებამდე დადის. „ჩელსიმ“ ორი გაიტანა, ჩვენ კი ვერცერთი. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ ამ მომენტების რეალიზება ვერ შევძელით.

ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ და მოდი ვიოცნებოთ, რატომაც არა? ფეხბურთელები ფანტასტიკურები იყვნენ. ჩვენ ვიცით „ჩელსის“ ძალები. მათ ცვლილებაზე პულიშიჩი, კანტე, ტიაგო სილვა და ჟირუ გამოიყვანეს. ლონდონელებს დიდი არჩევანი აქვთ. ვთვლი, რომ დღეს „ჩელსიზე“ უკეთესები ვიყავით, მაგრამ მორალური გამარჯვება არ არსებობს. მთავარი ყოველთვის შედეგია."

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში