Aa Aa
2 მარტი 2021  |  00:36

რუბინის გეგმები, ევროპული მომავალი და 15 მილიონი ევრო - Sport-express-მა კვარაცხელიაზე დაწერა

გასულ უქმეებზე გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია რუსული პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „რუბინის“ ქართველი შემტევის შესახებ ამჯერად sport-express.ru წერს და მის სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონი რუსეთში გატარებული ბოლო სეზონი იქნება და ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, თუ როგორ ამზადებს „რუბინი“ თავისი ერთ-ერთი ვარსკვლავის ტრანსფერს.

რუბინი მინიმუმ 15 მილიონი ევროს ითხოვს

„ხვიჩა კვარაცხელია სპარტაკსა და რუბინს შორის გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მონაწილეობა 2 გოლში მიიღო. ქართველმა შემტევმა მეტოქეები სხვებზე მეტჯერ კიდევ ერთხელ მოატყუა და თამაში ბევრჯერ გაამწვავა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, რუბინი ხვიჩას გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. კლუბს ასეთი წესი აქვს - არ გაყიდოს გუნდის ლიდერები სეზონის შუაწელს, მაშინ, როცა მათი ჩანაცვლება შეუძლებელია.

Sport-express-ის ინფორმაციით, რუბინის ხელმძღვანელები გეგმავენ, რომ ხვიჩა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაასხვისონ. კლუბს არ სურს, კვარაცხელია, რომელიც მენეჯერების აზრით, უკვე მზადაა, პრაქტიკულად ყველა ევროპულ კლუბში ითამაშოს, საჭიროზე მეტხანს შეინარჩუნოს. რუბინს სარდარ აზმუნთან მიმართებით მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა. ეს უკანასკნელი ევროპულ კლუბში წასასვლელად ემზადებოდა და ინგლისურ გუნდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ რუბინი მას შესაფერის დროს არ შეელია და საბოლოოდ, იძულებული გახდა იგი ზენიტისთვის მიეყიდა, რადგან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ, ყაზანელებს სხვა წინადადება უბრალოდ არ მიუღიათ.

ხვიჩას შემთხვევაში რუბინის ხელმძღვანელები ამ გამოცდილებას აუცილებლად გაითვალისწინებენ. მოთამაშე მაშინ უნდა გაიყიდოს, როცა მასზე მოთხოვნაა და იგი ევროპაში გადასასავლელად მზადაა. შარშან, რუბინმა წინადადება რუსული კლუბისგან მიიღო და კრასნოდარმა ყაზანელებს ოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა. ხარები ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდიდნენ და თანახმა იყვნენ, კვარაცხელია 1.5 წლით რუბინში იჯარით დაეტოვებინათ. მაშინ კრასნოდარმა უარი მიიღო. ყაზანელებს არ სურთ, ხვიჩა რომელიმე რუსულ კლუბში გაუშვან და მას ევროპისთვის ამზადებენ. ამასთან, რუბინს კრასნოდარის მიერ შეთავაზებული თანხაც ეცოტავა. ყაზანელები კვარაცხელიას გაყიდვას მინიმუმ 15 მილიონ ევროდ აპირებენ. ამ თანხაზე ნაკლები ოდენობის შეთავაზებას რუბინი არც კი განიხილავს, თუ რა თქმა უნდა, წინადადების ავტორი ბარსელონა ან რეალი არ იქნება.

რუბინს სურს, კვარაცხელიას სამომავლო ტრანსფერის შემთხვევაში, გამოსასყიდი თანხის პროცენტი მიიღოს

რუბინს იმედი აქვს, რომ ხვიჩას ტრანსფერში ასეთ პუნქტს ჩადებს - თუ კვარაცხელიას მომდევნო კლუბმა ქართველი ფეხბურთელი გაყიდა, მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი რუსულ გუნდს უნდა გადაურიცხოს. ზუსტად ისე, როგორც აზმუნის შემთხვევაში მოხდა. თუ ირანელი ზენიტს დატოვებს, მისი გამოსასყიდი თანხის 20 პროცენტს რუბინი მიიღებს. ყაზანელებს ხვიჩასთანაც იმავეს გაკეთება უნდათ და საუბარი 20-25 პროცენტზეა. ამგვარად, რუბინი კვარაცხელიას სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

გამომდინარე აქედან, გამოსასყიდ თანხაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა, ის იყოს, ხვიჩა რომელ კლუბში გადავა. თუ ქართველი ფეხბურთელი შესაფერის გუნდში აღმოჩნდება, სადაც პროგრესს განაგრძობს და ახალ დონეზე გადავა, მაშინ რუბინი უფრო მეტს მიიღებს. კლუბში ვარაუდობენ, რომ სერიოზულ ევროპულ გუნდში გადასვლის შემდეგ, ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე წელიწადში მისი წყალობით რუბინი დამატებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სად წავა ხვიჩა?

ზამთარში, რუბინს ხვიჩას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია. ქართველისადმი ინტერესი კვლავინდებურად მოლაპარაკებებისა და საუბრის დონეზეა და ოფიციალური ნაბიჯი არავის გადაუდგამს. კვარაცხელიათი იტალიისა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წამყვანი გუნდები დაინტერესებული არ არიან.

ხვიჩასთვის ქართული პასპორტი სირთულეა, რადგან საქართველოს ნაკრები საშუალო დონის ეროვნული გუნდია. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო, სადაც 24 ნაკრები იასპარეზებს. ეს ხელს უშლის მოლაპარაკებების წარმოებას იმ შუამავლებთან, რომლებსაც ურჩევნიათ უფრო დიდი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენელი ფეხბურთელების ტრანსფერები გაჩარხონ. მაგალითად: ესპანელები, ფრანგები, ბრაზილიელები და არგენტინელები.

ხვიჩასა და რუბინის მიზანია, იპოვონ კარიერის გაგრძელების ისეთი ვარიანტი, სადაც ქართველი შემტევი წინსვლას განაგრძობს. ბაიერნის ან ლივერპულის დონის ტოპ კლუბისთვის კვარაცხელია მზად არაა და რუბინში ეს კარგად ესმით. ამიტომ, ყაზანელები უმიზნებენ გუნდს, რომელიც კვარაცხელიასთვის ტრამპლინი იქნება. საუბარია ტოპ კლუბების შემდეგ მომავალ გუნდებზე, რომლებიც არა ტიტულებისთვის, არამედ ევროსაგზურებისთვის იბრძვიან. ეს სწორედ ისაა, რაც დღესდღეობით, ხვიჩას სჭირდება.

თებერვლის დასაწყისში კვარაცხელიას 20 წელი შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ რუსეთის პრემიერ ლიგის დონე მისთვის შესაფერისი აღარაა. მიმდინარე სეზონში იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უკვე 5-ჯერ გახდა, რაც საუკეთესო შედეგია. „ხვიჩა სხვა ლიგიდანაა“, - განაცხადა სპარტაკთან მატჩის შემდეგ, რუბინის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა.

კვარაცხელიას ოცნება რეალია, რომელსაც ის ბავშვობიდან ქომაგობს, Fifa-ში ყოველთვის ირჩევს, მის შედეგებს თვალს ადევნებს და მატჩის საუკეთესო მომენტებს უყურებს. ქართველი ფეხბურთელი მადრიდში თამაშს უმიზნებს და ოცნების ასასრულებლად რუსეთი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს“, - წერს sport-express.ru.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. ბოლო ტურში „რუბინმა“ „სპარტაკი“ დაამარცხა და ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში