სწრაფი და ტექნიკური - ელოშვილის გოლი ავსტრიის ჩემპიონატში
Aa
Aa

სწრაფი და ტექნიკური - ელოშვილის გოლი ავსტრიის ჩემპიონატში

ავსტრიული ''კაპფენბერგის'' ქართველმა შემტევმა ლევან ელოშვილმა ''გრაცერ აკ''-თან შეხვედრაში გოლი გაიტანა. 23 წლის შემტევმა მეტოქის მცველსა და მეკარეს აჯობა, ტექნიკურად ითამაშა, ცრუ მოძრაობა შეასრულა და განმეორებით ცდაზე ზუსტად დაარტყა. მისი გოლით ანგარიში ''კაპფენბერგის'' სასარგებლოდ 2:1 გახდა, საბოლოოდ კი ელოშვილის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

ელოშვილი გამთამაშებლისა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს ხოლმე. ''გრაცერ აკ''-თან დერბიში ცენტრფორვარდის ამპლუაში ვიხილეთ.

სახალისო ეპიზოდი

მატჩის შემდეგ ლევან ელოშვილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარს აკეთებდა და ამ დროს მასთან შეხვედრის მთავარი მსაჯი გერჰარდ გრობელნიკი მივიდა. მათ შორის სახალისო დიალოგი შედგა. მათი საუბარი ორ სადავო ეპიზოდს ეხებოდა, როცა ელოშვილი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა. ლევანმა არბიტრს უთხრა, რომ პირველ შემთხვევაში პენალტის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა, თუმცა მეორე მომენტში პენალტი არ უნდა დაენიშნა და მსაჯის გადაწყვეტილება სწორი იყო. არბიტრმა მას უპასუხა, რომ პირველ საეჭვო ეპიზოდს განმეორებით აუცილებლად ნახავდა.

23 წლის ელოშვილი ავსტრიულ კლუბში 2016-17 წლების სეზონიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ავსტრიის რანგით მეორე ლიგის 13 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მას გია გეგუჩაძისა და შემდგომში გია ცეცაძის მწვრთნელობისას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია.

ავსტრიის რანგით მეორე ლიგის 16-გუნდიან ჩემპიონატში ელოშვილის გუნდი 18 ქულით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები