Aa
Aa

ალბათ დაისჯებიან - ანიელი-კონტეს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალში, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩისას მომხდარი ინციდენტით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამის შესახებ აპენინური გამოცემები იუწყებიან და აღნიშნავენ, რომ საქმეზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ანდრეა ანიელისა და ანტონიო კონტეს სიტყვები დეტალურად გაიშიფრება და დიდი შანსია, ორივე მათგანს ფულადი ჯარიმა დაეკისროს. „იუვეს“ პრეზიდენტმა და „ნერაძურის“ თავკაცმა ერთმანეთს უწმაწური სიტყვები მიაძახეს, რასაც ისიც დაემატა, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კონტემ იმ მხარეს, სადაც ტურინელთა ხელმძღვანელები ისხდნენ, შუა თითი დემონსტრაციულად გაიშვირა.

პროკურატურამ უკვე გამოკითხა მატჩის მე-4 არბიტრი, დანიელე კიფი, რომელსაც, სავარაუდოდ, ინციდენტის მომენტში ყველაფერი უნდა მოესმინა, რადგან როგორც ანიელისთან ტრიბუნასთან, ასევე კონტეს, სამუშაო არეალთან ახლოს იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ერთმანეთის მიმართ გაკეთებულ მკვახე განცხადებებს მოჰყვა. ანიელიმ კონტე გააკრიტიკა, რაზეც „ინტერის“ მწვრთნელისგან ასევე საკმაოდ მწვავე პასუხი მიიღო.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ როცა კონტემ „შავ-ლურჯები“ ჩაიბარა, „იუვეს“ ტიფოზები „კონტისიმეს“ მათი გუნდის დიდების დარბაზიდან მოკვეთას ითხოვდნენ, თუმცა 51 წლის სპეციალისტი ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები