ახალაიამ კროტონეს შეუგდო - სადებიუტო გოლი მილანის ინტერში
Aa
Aa

ახალაიამ კროტონეს შეუგდო - სადებიუტო გოლი მილანის ინტერში

იტალიის თასის 19-წლამდე გათამაშების 1/16-ფინალურ ეტაპზე მილანის ''ინტერის'' ასაკობრივმა გუნდმა ''კროტონეს'' შესაბამისი ასაკობრივი გუნდი 3:0 დაამარცხა. მესამე გოლი 46-ე წუთზე ლადო ახალაიამ გაიტანა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. ახალაიას გარდა გოლები კასადეიმ და სატრიანომ შეაგდეს.

ახალაიასთვის მილანის ''ინტერის'' 19-წლამდე გუნდში პირველი გატანილი გოლია.

ახალაიას სადებიუტო გოლი ''ინტერის'' 19-წლამდე გუნდში

ახალაიამ მილანური კლუბის ასაკობრივ გუნდში მხოლოდ მესამე შეხვედრა ჩაატარა, სასტარტოში კი პირველად მოხვდა.

18 წლის თავდამსხმელმა იტალიურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გასული წლის მიწურულს გააფორმა.

კვირაში ერთხელ პერსპექტიული მოთამაშე ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

კონტრაქტის გაფორმებისას 18 წლის ფეხბურთელმა Moldfootball-თან ისაუბრა''ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, დიდი ნაბიჯი გადავდგი. ბედნიერი ვარ, რომ ''ინტერის'' მაისურით ვითამაშებ. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩემი დებიუტი სავსე ტრიბუნების ფონზე შედგეს, რაზეც ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობდი. ''ინტერი'' იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ახლა მთავარია, ვივარჯიშო და ჩემი საქმე გავაკეთო''.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის მამა, უფროსი ლადო ახალაია ''ზიმბრუს'', შვეიცარიული ''ციურიხის'', თბილისის ''დინამოსა'' და მოლდოვური ''დაჩიას'' ყოფილი თავდამსხმელია. მან 2004 წელს, თბილისის ''დინამოსთან'' ერთად თანამეგობრობის თასი მოიგო და 2004-05 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. კარიერა 2016 წელს თერჯოლის ''საპოვნელაში'' დაასრულა. უფროსმა ლადო ახალაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი 2004 წელს, რუმინეთთან ჩაატარა.

უმცროსი ლადო ახალაია მოლდოვის მოქალაქეა და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიუღია თუ რომელი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები