იანვრის MVP - შერმადინის მორიგი აღიარება
Aa
Aa

იანვრის MVP - შერმადინის მორიგი აღიარება

„ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას იანვრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. „შერმინატორის“ სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი 27 გახლდათ, რაც ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

გიომ იანვარში მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო და მისმა გუნდმა გამარჯვება 3-ჯერ იზეიმა. შერმადინმა თვე „რეალთან“ გამართული მატჩით გახსნა, რომელშიც 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

„სამეფო კლუბის“ შემდეგ, „ტენერიფე“ „ხიპუსკოას“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე დამარცხდა. იმ შეხვედრაში შერმადინი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

იანვარში „ტენერიფემ“ პირველი გამარჯვება „გრან კანარიას“ წინააღმდეგ მოიპოვა და გიომ თავი 9 ქულას, 3 მოხსნას, 1 დაფარებასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა. „შერმინატორმა“ გასულ თვეში საუკეთესო მატჩი „მანრესასთან“ გამართა და 29 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 ასისტი და 1 დაფარება დააგროვა. იანვარი კი „მორაბანკ ანდორას“ წინააღმდეგ დაგროვებული 19 ქულით, 7 მოხსნით, 3 ასისტითა და 2 დაფარებით დახურა.

იანვარში იგი საშუალოდ 20.6 ქულას, 5.6 მოხსნას, 3.5 ასისტს, 1.5 ჩაჭრასა და 0.8 დაფარებას აგროვებდა. როგორც მოგეხსენებათ, შერმადინმა თვის MVP-ს სტატუსი ოქტომბერშიც დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები