ბრწყინვალე საბა - ლობჟანიძემ საგოლე გადაცემები დაარიგა
Aa
Aa

ბრწყინვალე საბა - ლობჟანიძემ საგოლე გადაცემები დაარიგა

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“ სტუმრად „ალანიასპორს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 4-3 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, შეუცვლელად ითამაშა და მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-3 წუთზე ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა გააკეთა და მისი პასით პეინტსილმა ისარგებლა. 25 წუთში საბამ მარჯვენა ფლანგზე კიდევ ერთხელ იაქტიურა, მეტოქე ჩამოიშორა და მისი ჩაწოდების შემდეგ, პეინტსილმა დუბლი გაიფორმა.


მასპინძლებმა პირველ ტაიმში ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს და „ანკარაგიუჯუ“ შესვენებაზე 1-ბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარი „ალანიასპორის“ კარნახით წარიმართა და 54-ე და 62-ე წუთებზე გატანილი გოლებით ისინი წინაც გაიჭრნენ.

„ანკარაგიუჯუმ“ წონასწორობა მალევე აღადგინა. კუთხურის შემდეგ, ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა, რომლის დარტყმაც მეკარემ მოიგერია. საბა მომენტს არ გამოეთიშა, ბურთი საჯარიმოში დააბრუნა, რასაც გოლი მოჰყვა. თავდაპირველად მას მესამე ასისტი ჩაუწერეს, თუმცა მოგვიანებით, ეს გოლი ავტოგოლად გადაკეთდა. მატჩში გადამწყვეტი მუბანჯის მიერ შეგდებული ბურთი აღმოჩნდა, რომელმაც 79-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცნობისთვის, „ანკარაგიუჯუს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზე იმყოფება. საბას გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს გამართავს და უშუალო კონკურენტს, „ერზურუმს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები