Aa
Aa

სუპერ ბოულის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია - კანზას სითი ტამპა ბეის დაუპირისპირდება

NFL-ის 55-ე სუპერ ბოულის მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდა. მოქმედი ჩემპიონი, „კანზას სითი ჩიფსი“ გადამწყვეტ შეხვედრაში მიმდინარე სეზონშიც ითამაშებს და ლეგენდარული ტომ ბრეიდის „ტამპა ბეი ბაკანიერსს“ დაუპირისპირდება.

კანზასელებმა სუპერ ბოულის საგზური „ბუფალი ბილსთან“ გამარჯვების შემდეგ მოიპოვეს. AFC-ის საჩემპიონო მატჩში „ჩიფსმა“ ბრწყინვალედ იასპარეზა და შესანიშნავი დაცვის მქონე „ბილსი“ 38-24 დაამარცხა. „კანზას სითის“ ცუდი სტარტი ჰქონდა და პირველი მეოთხედი 0-9 წააგო, მაგრამ მომდევნო სამ 15-წუთეულში უმაღლეს დონეზე ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩიფსის“ მომდევნო მეტოქემ, „ტამპა ბეიმ“ მძიმე ბრძოლაში მოიგო და „ლემბო ფილდზე“ აარონ როჯერსის „გრინ ბეი პეკერსი“ 31-26 დაამარცხა. ტომ ბრეიდიმ და კომპანიამ მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი 21-10 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რომელთა წყალობითაც „გრინ ბეი“ თამაშში დაბრუნდა. „პეკერსებს“ ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ როჯერსს გადამწყვეტ მომენტში მიზანმა უმტყუნა და ტომ ბრეიდის სუპერ ბოულში მეათედ ვიხილავთ.

ცნობისთვის, NFL-ის მიმდინარე სეზონის მთავარი შეხვედრა „ტამპა ბეის“ საშინაო არენაზე, „რეიმონდ ჯეიმს სთედიუმზე“ გაიმართება. მატჩი 8 თებერვალსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 03:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები