გინესის რეკორდი - უელსელმა მეკარემ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შორიდან გაიტანა
Aa
Aa

გინესის რეკორდი - უელსელმა მეკარემ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შორიდან გაიტანა

ინგლისის რანგით მეოთხე ლიგის კლუბ ''ნიუპორტ ქაუნთის'' მეკარე, ტომ კინგი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

19 იანვარს, ინგლისის ლიგა 2-ის 23-ე ტურში, ''ჩელტნემ თაუნთან'' მატჩში, 25 წლის უელსელმა გოლკიპერმა გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა. დარტყმის შესრულებისას ბურთმა 96.01 მეტრი დაფარა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ოფიციალურად ჩაეწერა.

ტომ კინგის გოლამდე რეკორდი ბოსნიელ მეკარეს, ასმირ ბეგოვიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც 2013 წლის 2 ნოემბერს, ''სტოკ სიტის'' რიგებში ''ასტონ ვილას'' გაუტანა. ბეგოვიჩის დარტყმისას ბურთმა 91.9 მეტრი დაფარა.

რაც შეეხება კინგის კარიერას, 25 წლის მეკარეს რაიან გიგზი ეროვნულ გუნდში რეგულარულად იწვევს, თუმცა უელსის ნაკრებში სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია. უელსელმა კარის დარაჯმა განვლილი საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი ინგლისის რანგით მესამე და მეოთხე ლიგის კლუბებში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები