ელ კლასიკო არ იქნება - რეალი ბილბაოსთან დამარცხდა
Aa
Aa

ელ კლასიკო არ იქნება - რეალი ბილბაოსთან დამარცხდა

დასრულდა 2021 წლის ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური მატჩი მადრიდის "რეალსა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის. ბასკებმა "ბლანკოსი" 2:1 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.

მატჩი "ატლეტიკმა" შედარებით აქტიურად დაიწყო და ლუკას ვასკესის ორი შეცდომა იდეალურად გამოიყენა. ანგარიში რაულ გარსიამ მე-18 წუთზე გახსნა. 38-ზე კი პენალტით დუბლი მიითვალა.

მადრიდელები პირველ ტაიმში არ ბრწყინავდნენ და ეს ანგარიშზეც აისახა. ედენი აზარი ბევრს ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. ბელგიელი ვარსვკლავი სასურველი ფორმისგან ძალიან შორს არის. 

მეორე ნახევარი ზიდანის შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და ბევრს უტევდნენ. გამოსარჩევი ესპანელი მარკო ასენსიო გახლდათ, რომელმაც ბურთი ორჯერ ძელს მოარტყა. ბასკებს საკუთარი თამაში აღარ ჰქონდათ, ისინი ძირითადად კონტრ-შეტევებით გადიოდნენ ფონს.

შეხვედრის 73-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ზიდანმა ცვლილებებს მიმართა და შეტევის გასაძლიერებლად მინდორზე ვინისიუს ჯუნიორი გამოუშვა. ბრაზილიელმა გუნდს ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ბენზემამ მეორე გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

მატჩის მიწურულს "რეალმა" ზეწოლა გააძლიერა. სერხიო რამოსი თავდამსხმელის პოზიციაზე მოგვევლინა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასზე თითქოს ბილბაოს მცველი დაჯარიმდა. ეს მომენტი ვიდეო რეფერიმ განიხილა და თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შეხვედრა კი "ატლეტიკის" სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

მაშ ასე, 2021 წლის ესპანეთის სუპერ თასზე "ელ კლასიკო" არ შედგება. ფინალში "ბარსელონა" და ბილბაო იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ნახევარფინალურ სტადიაზე "სოსიედადი" გამოთიშა ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები