1 წელი ვალვერდეს გაშვებიდან - კუმანმა და სეტიენმა მისი შედეგი ვერ გააუმჯობესეს
Aa
Aa

1 წელი ვალვერდეს გაშვებიდან - კუმანმა და სეტიენმა მისი შედეგი ვერ გააუმჯობესეს

კატალონიურმა გამოცემა Sport-მა „ბარსელონას“ შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ერნესტო ვალვერდეს სტატისტიკა რონალდ კუმანისა და კიკე სეტიენის მიერ მიღწეულ შედეგებს შეადარა.

„13 იანვარს ერნესტო ვალვერდეს გაშვებიდან ერთი წელი შესრულდება. ესპანელი სპეციალისტი „ატლეტიკოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს და მან კლუბი ლა ლიგის 2 ტიტულით, კოპა დელ რეისა და ესპანეთის სუპერ თასზე მოპოვებული გამარჯვებებით დატოვა. ვალვერდეს დათხოვნიდან თითქმის 1 წელი გავიდა და სტატისტიკა ყველაფერს კარგად ასახავს - ერნესტოს წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ არ მოუმატებია და მისი შედეგი ვერც სეტიენმა და ვერც კუმანმა გააუმჯობესეს.

ვალვერდემ „ბარსას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 145 მატჩი ჩაატარა და 97-ჯერ იმარჯვა, 32-ჯერ ფრეს დასჯერდა, ხოლო 16-ჯერ დამარცხდა. ერნესტომ მატჩების 67% მოიგო, მაშინ როცა კიკე სეტიენის მაჩვენებელი 64 პროცენტი, ხოლო რონალდ კუმანის - 62.5 პროცენტი გახლავთ.

საინტერესოა, რომ კიკე სეტიენმა „ბლაუგრანას“ თავკაცის პოსტზე ჩატარებული 25 შეხვედრიდან 16 მოიგო, 4-ჯერ ფრე ითამაშა და 5-ჯერ დამარცხდა. კუმანისთვის 25-ე მატჩი „სოსიედადთან“ დაპირისპირება იქნება. თუ ნიდერლანდელის გუნდი ბასკებს დაამარცხებს, იგი მოგებების რაოდენობით სეტიენს გაუთანაბრდება, თუ არა - მასზე უარესი შედეგი ექნება.

ვალვერდეს რაც შეეხება, საწყის 25 დაპირისპირებაში მას კუმანზე და სეტიენზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა. ერნესტომ 25-დან 18 მატჩი მოიგო, 5-ჯერ ფრე ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა. „ბარსამ“ ორივე წაგება „რეალთან“ სუპერ თასზე გამართულ შეხვედრებში იწვნია და შემდეგ ზედიზედ 29 მატჩი არ დამარცხებულა“, - წერს Sport.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 34 ქულა აქვს და ლა ლიგაში მესამეა. კატალონიელები ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩებიან და „როხიბლანკოზე“ 3-ით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები