ობოაბონამ ბათუმის დინამო დატოვა - ვინ შეცვლის ნიგერიელს?
Aa
Aa

ობოაბონამ ბათუმის დინამო დატოვა - ვინ შეცვლის ნიგერიელს?

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გოდფრი ობოაბონამ დატოვა, რომელიც 2020 წლის სეზონში ბათუმის ''დინამოში'' ასპარეზობდა. 30 წლის ნიგერიელ ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდა. ინფორმაცია აფრიკელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა.

ფეხბურთელმა, რომელსაც 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე უთამაშია, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. ასევე, მან საქართველოს თასისა და ევროპა ლიგის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. თურქული ''რიზეს'' ყოფილი მცველი ძალიან საიმედო თამაშით გამოირჩეოდა. ობოაბონას წასვლის შემდეგ გია გეგუჩაძეს ცენტრალური მცველის დამატება მოუწევს.

ბათუმის ''დინამომ'' სხვა პოზიციის ფეხბურთელები დაიმატა. კერძოდ, ნიგერიელი მარცხენა მცველი რაფაელ ჩუკვურა, რომელიც გასულ სეზონში ''თელავში'' ასპარეზობდა. მის გარდა აჭარული კლუბისთვის ''საბურთალოს'' ექს-ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, ფორვარდი გიორგი ფანცულაია, თბილისის ''დინამოს'' ყოფილი მოთამაშე გიორგი ზარია და მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე ითამაშებენ. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში ''თელავისთვის'' თამაშობდა. 

შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' რეინალდომ, კიჭი მელიავამ, იგორ ლევჩენკომ და ვაჟა ფაცაციამ დატოვეს.

ფოტო: Eliga.ge, Gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები