''რეპუტაცია მოიხვეჭა და შთამბეჭდავად იასპარეზა'' - UEFA-მ მამარდაშვილი გამოარჩია
Aa
Aa

''რეპუტაცია მოიხვეჭა და შთამბეჭდავად იასპარეზა'' - UEFA-მ მამარდაშვილი გამოარჩია

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ევროპულ კლუბებში მოთამაშე 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ასახელებს, რომლებსაც 2021 წელს თვალი უნდა ვადევნოთ.

UEFA-ს ჟურნალისტების მიერ შერჩეულ ფეხბურთელთა შორის თბილისის ''ლოკომოტივის'' მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, რომელმაც ფეხბურთის ქართველ და უცხოელ ქომაგებს თავი ევროპა ლიგაზე შესანიშნავი გამოსვლით დაამახსოვრა. 20 წლის მეკარემ კრაიოვას ''უნივერსიტატეას,'' მოსკოვის ''დინამოსა'' და ''გრანადას'' წინააღმდეგ არაერთი ეფექტური ''სეივი'' შეასრულა და ძალიან საიმედო იყო.

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ქართველის შესახებ წერს:''მამარდაშვილმა, რომელიც ახლა უკვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი მეკარეა, ძალიან დიდი რეპუტაცია მოიხვეჭა. ასევე, მისი გამოსვლა ევროპა ლიგაზე შთამბეჭდავი იყო''.

მამარდაშვილმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონი 2019 წელს ჩაატარა, როცა ''რუსთავის'' ღირსებას იცავდა. 2020 წლის სეზონში ''ლოკომოტივის'' მაისურით ევროპა ლიგასა თუ ეროვნულ ჩემპიონატში მაღალ დონეზე იასპარეზა.

მამარდაშვილი მოსკოვის ''დინამოსთან'' მატჩში

მამარდაშვილი ''გრანადასთან'' შეხვედრაში

ფოტო/ვიდეო: თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები