''პატარა ქვეყნიდან ვარ, თუმცა კარგად ვიცით მეგობრობის ფასი'' - ''საუკეთესო მოსწავლე ვიყავი''
Aa
Aa

''პატარა ქვეყნიდან ვარ, თუმცა კარგად ვიცით მეგობრობის ფასი'' - ''საუკეთესო მოსწავლე ვიყავი''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან ბუნდესლიგის ბოლო სამ მატჩში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდი ალბათობით მისი ტრანსფერი შემდეგ წელს შედგება.

Sky Sport Austria ოთარ კიტეიშვილის შესახებ საინტერესო სიუჟეტს აქვეყნებს. 24 წლის ნახევარმცველი სწავლაზე, სამშობლოსა და საფეხბურთო ოცნებაზე საუბრობს, რაც დიდ კლუბში მოხვედრას გულისხმობს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ''შტურმში'' თამაშიც ოცნების ახდენას ჰგავს.

სიუჟეტის ავტორი ერთ საინტერესო ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, კარიერის სტარტზე ფეხბურთელი ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გააკეთა.

''სკოლაში კარგად ვსწავლობდი. შემიძლია გითხრათ, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, რის გამოც მასწავლებლები სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებას მთხოვდნენ, თუმცა ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მსურდა.

სამშობლოზე საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა. მახარებს, როცა ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა მეძლევა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მოსახლეობა მცირეა, თუმცა იქ კარგი ადამიანები ცხოვროვენ, კარგად ვიცით მეგობრობის ფასი, გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა მეგობარს ეხმარები.

საქართველო ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო ქვეყანა იქნება. დღესაც ასეა და ყოველთვის ასე იქნება''.

კიტეიშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა კორონავირუსით ინფიცირებული იყო: ''არ შემშინებია. 3 თუ 4 დღე მაღალი ტემპერატურა მქონდა და თავის ტკივილი მაწუხებდა. ამ პერიოდმა სწრაფად ჩაიარა, შემდეგ კი თანაგუნდელებმა სახლში სატრენაჟორო ველოსიპედი მომიტანეს და ინდივიდუალურად სახლში ვემზადებოდი''.

ინტერვიუს მიწურულს თბილისის ''დინამოს'' ექს-კაპიტანმა საფეხბურთო ოცნებასა და მიმდინარე სეზონის მიზანზე ისაუბრა.

''ცხადია ძალიან დიდ კლუბში თამაში ჩემი ოცნებაა, მაგრამ გრაცში ცხოვრება ოცნების ახდენას ჰგავს. პატარა ბიჭი საქართველოდან ასეთ რამეს ვერასდროს წარმოვიდგენდი. ასეთი ცხოვრება არასდროს მქონია.

მიმდინარე სეზონში ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ, ვეცდებით ჩემპიონობა დავიმსახუროთ, ყველაფერი შესაძლებელია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები