Aa
Aa

ისკოს მამა: "სხვა ლიგაში თამაში უნდა, მაგრამ პრობლემა არც რეალში დარჩენაა"

იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ისკო და მისი ახალ კლუბში გადასვლის საკითხი იქნება.

ესპანური პრესა ბოლო კვირებში თემის შესახებ სულ უფრო მეტს წერს და 28 წლის ნახევარმცველს სხვადასხვა გუნდებს უკავშირებს.

მადრიდულმა AS-მა გუშინ საღამოს ფეხბურთელის მამის მოკლე კომენტარი გაავრცელა: „ჯერჯერობით ჩვენთვის წინადადებით არავის მოუმართავს, მაგრამ ჩემს შვილს სხვა ჩემპიონატში თამაში სურს. მეორე მხრივ, პრობლემა არც „რეალში“ დარჩენა იქნება“.

ისკოს მამის განცხადება ორაზროვნებას იწვევს და მიგვანიშნებს, რომ სასურველი წინადადების ვერმიღების შემთხვევაში, დიდი შანსია, ფეხბურთელი დარჩეს ამჟამინდელ კლუბში, რომელშიც თამაშის საშუალება ძალიან იშვიათად ეძლევა.

ისკოს დამატების სურვილი აქვს „სევილიას“ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის, რომელიც მისი თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული იყო და ნაკრებსა და „რეალში“ გუნდის ლიდერად მოიაზრებდა. თუმცა, პრობლემა სატრანსფერო ფასია - „სამეფო კლუბი“ დაახლოებით 50-60 მილიონ ევროს ითხოვს.

ევროპული პრესა ისკოს ასევე „იუვენტუსთან“ და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბთან აკავშირებს. ასევე რამდენჯერმე გაიჟღერა „მილანის“ ვარიანტმაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები