კიკნაძის 9 ნაბიჯი, რომლებმაც ლოკო კრიზისში ჩააგდეს - კვარაცხელიას გაშვება ერთ-ერთია
Aa
Aa

კიკნაძის 9 ნაბიჯი, რომლებმაც ლოკო კრიზისში ჩააგდეს - კვარაცხელიას გაშვება ერთ-ერთია

რუსულმა ვებგვერდმა, Matchtv.ru-მ მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და მისი გენერალური დირექტორის, ვასილი კიკნაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. Matchtv.ru-მ კიკნაძის მიერ გადადგმული 9 ნაბიჯი დაასახელა, რომელთა გამოც კლუბი ღრმა კრიზისში აღმოჩნდა. ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ სტატიის ავტორმა „ლოკოს" პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელიას გაშვება

„ჩემპიონატის მთავარი ტალანტის დაკარგვა, რომელიც ლოკომოტივის რიგებში თამაშობდა და მხოლოდ ახალი კონტრაქტის თაობაზე სათანადო მოლაპარაკებების გამართვას ითხოვდა, კიკნაძის მენეჯმენტის პირველი ნათელი გამოვლინება გახლდათ.

ხვიჩა ლოკოს 2019 წლის თებერვალში, იჯარის წესით შეუერთდა. იგი კლუბისთვის სიომინმა აღმოაჩინა. თანდათანობით, კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებდა და ბოლო 4 ტურში როტაციისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლიც შეაგდო, მაგრამ 2019 წლის ზაფხულში იგი რუბინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 7.5 მილიონი ევროა.

კიკნაძე საუბრობდა აგენტებზე, რომლებმაც ბიჭს გონება აურიეს. საუბრობდა რუბინის მიერ ხვიჩასთვის შეთავაზებულ შესანიშნავ ფინანსურ პირობებზე, თუმცა ამას რა აზრი აქვს, თუ ლოკომ კვარაცხელიას კონტრაქტის 1+3 სისტემით გაფორმების წინადადებით მიმართა. ეს ფეხბურთელისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. ხელშეკრულების პირველ წელს მას მძიმე ტრავმა რომ მიეღო, დიდი შანსი იყო, საერთოდ კლუბის გარეშე დარჩენილიყო. ლოგიკურია, რომ ხვიჩამ აირჩია ადგილი, სადაც მისი სჯეროდათ“, - წერს Matchtv.ru.

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიას გაშვების გარდა, რუსულმა ვებგვერდმა კიკნაძის მიერ მიღებულ შემდეგ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება: სასამართლო დავა გერკუსთან, კლუბში უცნობი სპორტული დირექტორის გამოჩენა, ტარასოვთან განვითარებული მოვლენები, საკამათო განცხადებები და ინტერვიუები, სიომინის გაშვება, შუა თითი და გულშემატკივრებთან შეხვედრისას დადგმული შოუ, რაიკოვიჩისა და ჟალოლიდინოვის ტრანსფერები და ყველაზე რთულ მომენტში ნიკოლიჩის მხარდაჭერის გარეშე დატოვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები