''6:1 სირცხვილი იყო, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ'' - დინამომ ნემსაძე წარადგინა
Aa
Aa

''6:1 სირცხვილი იყო, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ'' - დინამომ ნემსაძე წარადგინა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, თბილისის ''დინამოს'' გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ნემსაძე: ''მიზნები უცვლელი რჩება, ჩემპიონობა და თასის მოპოვება.

ჩემი პრიორიტეტი ახალგაზრდების პირველ გუნდთან ინტეგრაცია იქნება, რადგან კარგად ვიცით აკადემიიდან რამდენად დიდი შევსება ხდება. თბილისის ''დინამოს'' არაერთი ფეხბურთელი ევროპულ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს. ახალგაზრდების პირველ გუნდში ინტეგრირება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

ძალიან დიდი შრომა მომიწევს. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან კლუბში დიდი მოთხოვნებია. მზად ვარ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღო, ახალი ისტორია შევქმნა.

ახალგაზრდების ინტეგრირება უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ, რომ თამაშის ხარისხიც ვაჩვენოთ და შედეგიც. აქცენტს ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებზე გავაკეთებთ''.

ერთ-ერთი კითხვა საქართველოს ჩემპიონატის სათამაშო ტემპს უკავშირდებოდა. ნემსაძემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა საკმაოდ კომპექსურია, რადგან ასეთ შემთხვევაში ზოგადად ჩემპიონატის სხვა კლუბებმაც უნდა აუწყონ ფეხი და უფრო სწრაფ ტემპში იასპარეზონ.

ზაზა დოლიძე: ''გასული სეზონის მიმდინარეობისას ვთქვით, რომ ჩისკო რამდენიმე წელი გუნდში დარჩებოდა, თუმცა მინდა რომ სიტუაციაში კარგად გავერკვეთ. ევროპულ კლუბებსაც უჭირთ მწვრთნელისა და ფეხბურთელების შენარჩუნება, როცა უფრო ძლიერი კლუბები წინადადებებით მიმართავენ. ჩისკოს ''უოტფორდში'' წასვლის ძალინ დიდი სურვილი ჰქონდა. მოგეხსენებათ, ეს გუნდი გასულ წელს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობდა.

ჩისკოს ინგლისში გადაბარგება უფრო პოზიტივია ვიდრე ნეგატივი. რაც შეეხება ჩისკოს კომპენსაციას, ეს თემა კონფიდენციალურია, თუმცა მისი წასვლით ''დინამო'' წაგებული ნამდვილად არ დარჩება.

რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, ჩვენთვის გიორგი ნემსაძის ფილოსოფია მისაღებია. ჩისკოს სხვა სათამაშო ფილოსოფია ჰქონდა და ახალი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს შესაბამისად შეარჩევს, თუმცა დიდი ცვლილებები არ იქნება.

ჩვენ ნამდვილად გვექნება ის შედეგი, რაც ოცნების ახდენას ნიშნავს.

გასულ სეზონში ფარერის კუნძულებზე მარცხით სირცხვილი ვჭამეთ. არ უნდა ვაძახოთ ფეხბურთელებს, რომ 6:1 წავაგეთ. პირიქით ისინი უნდა გავამხნევოთ, მაგრამ ვფიქრობ ახლა ''დინამოს'' რეპუტაციის შელახვაზე საუბარი სწორი არ მგონია, რადგან ჩვენ საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ და დავამტკიცეთ, რომ საქართველოში საუკეთესო გუნდი ვართ.

ჩვენი მიზანი შემდეგ წელს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება''.

თბილისის ''დინამო'' ახალი სეზონისთვის მზადებას 4 იანვარს დაიწყებს. შესაძლოა, კლუბმა შეკრება ესპანეთში ან თურქეთში გაიაროს. საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები