Aa
Aa

"დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს" - ლევან მაისაშვილის პრესკონფერენცია

დუბლინში “ავივაზე“ ირლანდიასთან ნაბრძოლმა ბორჯღალოსნებმა ორშაბათს დაისვენეს, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშეს და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო.

საქართველო 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის, „შემოდგომის ერთა თასზე“ მე-7 ადგილისთვის ერკინება. ლევან მაისაშვილმა კი შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.

"რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. რადგან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები.

სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან.

მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად.

მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ". - განაცხადა მაისაშვილმა

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის ერთა თასის დასკვნით მატჩში, „ბორჯღალოსნებს“ ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდებათ.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები