Aa
Aa

El Mundo - პერესი ზიდანის გაშვებაზე ფიქრობს და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

გავლენიანი ესპანური გამოცემა, El Mundo იტყობინება, რომ „რეალის“ თავკაცის, ზინედინ ზიდანის მადრიდული მომავალი ბურუსითაა მოცული. „შახტართან“ წაგებული მატჩის შემდეგ, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები ცვლილებების გატარებაზე დაფიქრდნენ და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.

El Mundo-ს ინფორმაციით, „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და მისი თანაშემწეები კლუბში შექმნილ მდგომარეობას აანალიზებენ და ზიდანის დათხოვნის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობენ. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლანკოსის“ დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრი „ზიზუს“ გაშვებას ემხრობა და პერესი ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლებაზე სერიოზულად ფიქრობს.

El Mundo-ს ცნობით, „რეალის“ ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ზიდანის გაშვების შემთხვევაში კი „სამეფო კლუბის“ თავკაცის პოსტის ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი მაურისიო პოჩეტინოსა და რაულს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსი“ „შახტართან“ 2-0 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშე დადგა. „რეალს“ 7 ქულა აქვს და ბოლო ტურში „გლადბახს“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბს“ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სასურველი შედეგის დაფიქსირება მართებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები