Aa Aa
25 ნოემბერი 2020  |  17:39

"მხოლოდ ჯანით ვერავის დაჩაგრავ" - მაისაშვილის მატჩისწინა პრესკონფერენცია

საქართველოს რაგბის ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრის წინ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

„ირლანდიასთან სტატიკური ფაზები გადამწყვეტი იქნება. შერკინებაში ანალიზი გავაკეთეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთ ვითამაშებთ. კვლავ პრობლემად რჩება თამაშის მართვა, რისი გამოცდილებაც ამ დონეზე არ გვაქვს. ჩვენ ახლა ვსწავლობთ რა მოყვება ასეთ დონეზე არასწორ ფეხით თამაშს, არასწორ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ფეხით თამაშისას დიდი არჩევანი არ გვაქვს და შედეგად, მაღალი დონის გუნდები ტერიტორიისთვის ბრძოლას ხშირად გვიგებენ“.

„ისეთი დონის გუნდებს ვეთამაშებით, რომ მხოლოდ ჯანით ვერავის დაჩაგრავ და გვჭირდება ვარიაციები შეტევაში, რისთვისაც ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს, ვიდრე წინა მატჩებში გვქონდა. მე კმაყოფილი ვარ შეტევის მწვრთნელის მუშაობით. ირლანდია უელსზე რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. თამაშიდან თამაშმდე, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც დიდ გამოცდილებას ვიღებთ და წინსვლაც აშკარად გვაქვს“. - განაცხადა მაისაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან მატჩი 29 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

წყარო და ფოტო - rugby.ge

გაზიარება: