''ბევრი ქართველი ტალანტი გაქრა, მაგრამ ხვიჩა სხვაა'' - ქინქლაძე კვარაცხელიას შესახებ
Aa
Aa

''ბევრი ქართველი ტალანტი გაქრა, მაგრამ ხვიჩა სხვაა'' - ქინქლაძე კვარაცხელიას შესახებ

რუსულმა მედიაში ''მანჩესტერ სიტის'' ქართველი ლეგენდის, გიორგი ქინქლაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. Metaratings-თან ინტერვიუში ქინქლაძემ ყაზანის ''რუბინის'' ფეხბურთელის, ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

''ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძეს პირველ ადგილზე ვაყენებ. ისინი ქართული ფეხბურთის ტალანტები არიან, თუმცა მაკედონიასთან მოედანზე არ იყვნენ. 

ხვიჩა ბოლო წლებში გაიცნეს, მაგრამ მე მას მანამდეც ვიცნობდი. ხვიჩა სხვაა, ის განსხვავებულია და არ ჰგავს იმ სხვა ქართველ ტალანტებს, რომლებმაც შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს. ასეთი საქართველოში არაერთი იყო, მათზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა გაქრნენ, ხვიჩა კი სხვაა. მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ უძლიერეს ევროპულ ჩემპიონატში ითამაშოს. ის ადრეული ასაკიდანვე პროფესიონალია.

ინგლისსა და ჰოლანდიაში ვთამაშობდი, ჩემი იქაური მეგობრები ხშირად მეკითხებოდნენ ხვიჩას შესახებ. მაგალითად, ინგლისში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას. მან კიდევ ბევრი შეხვედრა უნდა ჩაატაროს ეროვნულ გუნდში, ეს მნიშვნელოვანია.

ჩემი აზრით რუსეთში კიდევ ერთი წელი უნდა დარჩეს და შემდეგ უნდა გაყიდონ მხოლოდ ძალიან დიდ კლუბში. ამას ვეუბნები ყველა ჩემს მეგობარს. ხვიჩა 19 წლის ასაკში ''რუბინის'' ლიდერი გახდა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს''.

გიორგი ქინქლაძემ ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელიას ''რუბინში'' თამაშით მოხარულია. შეგახსენებთ, ''ქინქიმ'' კარიერა სწორედ ყაზანურ კლუბში დაასრულა, სადაც 2005-06 წლებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები