''გვსურს შოთა დარჩეს და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ... მას ჩინეთსა და ყატარში იწვევენ''
Aa
Aa

''გვსურს შოთა დარჩეს და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ... მას ჩინეთსა და ყატარში იწვევენ''

უზბეკური ტაშკენტის ''ფახთაქორი'' შოთა არველაძემ ზედიზედ მეორედ გააჩემპიონა. სუპერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ქართველი სპეციალისტის ფეხბურთელებმა პირველობა გაინაღდეს.

უზბეკური მედიის ცნობით კლუბს ქართველ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამ თემაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, თუმცა ამავდროულად ''რეინჯერსის'' ექს-ფორვარდს ძალიან მდიდარ აზიურ ქვეყნებში, ჩინეთსა და ყატარში სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების შანსი აქვს. მან რამდენიმე კლუბის მხრიდან წინადადება მიიღო.

ამ თემაზე კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯაფარ ირიშმეტოვმა Championat.Asia-სთან ისაუბრა: ''არველაძემ ჩინური და ყატარული კლუბების მხრიდან რამდენიმე წინადადება მიიღო. ჩვენ ვმუშაობთ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. ბედნიერები ვიქნებით თუ შოთა არველაძის მწვრთნელობით ''ფახთაქორი'' აზიის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს''.

ირიშმეტოვის თქმით ''ფახთაქორს'' აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია.

შოთა არველაძეს ''ფახთაქორთან'' კონტრაქტი მიმდინარე წელს ეწურება.

47 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკურ კლუბს 2017 წლის ივნისიდან წვრთნის. 2019 წლის სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. მიმდინარე წელს არველაძის გუნდს ტრიპლეტის შესრულების შესანიშნავი შანსი აქვს.

ასევე, მიმდინარე წელს ''ფახთაქორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგსი მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ''ფახთაქორის'' მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა, ხოლო გოჩა ტყებუჩავა მთავარ მწვრთნელს ასისტენტობას უწევს.

მასალაში გამოყენებულია Championat.Asia-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები