როდმანს შესაძლოა 2 წელი მიუსაჯონ
NBA-ის ხუთგზის ჩემპიონს დენის როდმანს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ეჭვმიტანილია სამხრეთ კალიფორნიის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევის მოწყობაში. ადგილობრივი ოლქის პროკურატურის ინფორმაციის, როდმანი თავისი მანქანით გზის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა და შემხვედრ მანქანას, შეჯახება თავიდან რომ აეცილებინა, ავარია მოუვიდა.
55 წლის კალათბურთელს ბრალად ედება მართვის წესების დარღვევა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და პოლიციისთვის ცრუ ჩვენების მიცემა.
როდმანის ადვოკატი ირწმუნება, რომ ავარია ცუდად დახაზული გზის ბრალია. გარდა ამისა, ინციდენტის შემდეგ, როდმანმა მაშინვე დატოვა თავისი მანქანა და დაზარალებულთან მივიდა იმის გასაგებად, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა თუ არა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, "ჩიკაგოს" ყოფილ მოთამაშეს ორწლიანი პატიმრობა ელის.