„რევანშის აღება გვინდოდა, ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგია
Aa
Aa

„რევანშის აღება გვინდოდა, ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგია" - ხოჭოლავამ ინტერთან მატჩი შეაფასა

„შახტარის“ ქართველმა ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ „ინტერთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა. დონეცკელთა უკანახაზელმა „ნერაძურისთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა და შედეგით კმაყოფილება გამოხატა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო. გვინდოდა, ინტერის წინააღმდეგ გამართული ბოლო მატჩი დაგვევიწყებინა (ევროპა ლიგაზე გამართულ მატჩს გულისხმობს) და რევანში აგვეღო. შახტარის თითოეულ ფეხბურთელს გამარჯვების მოპოვება უნდოდა, თუმცა ნულოვანი ფრე ამ ეტაპზე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია, რადგან ჯგუფში პირველ ადგილს ვინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთი ჩვენი სტილი არაა, თუმცა ინტერის მოთამაშეები ისე გადაადგილდებოდნენ, რომ ხაზში 5 ფეხბურთელით ჩაჯდომა გვიწევდა. ტაქტიკური გადმოსახედიდან ეს გამართლებული იყო, რადგან როცა სხვა სტილში ვითამაშეთ, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი მივიღეთ. ვთვლი, რომ მწვრთნელის ტაქტიკამ დღეს კარგად იმუშავა.

სიმართლე გითხრათ, მჯეროდა, რომ ორი ტურის შემდეგ მინიმუმ 4 ქულის მოგროვება შეგვეძლო. თუ წარმატების არ გჯერა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს აზრი არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ „შახტარისა“ და „ინტერის“ შეხვედრა 0-0 დასრულდა. ხოჭოლავამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმა მიიღო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები