სერია ა-ს გუნდების სატრანსფერო ანალიტიკა!
Aa
Aa

სერია ა-ს გუნდების სატრანსფერო ანალიტიკა!

სატრანსფერო ფანჯარა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და სერია ა-ს გუნდებმა საკმაოდ იაქტიურეს. სეზონის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ვიქტორ ოსიმენი გახდა, რომელიც "ლილიდან" "ნაპოლიში" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

1980 წლიდან 2006 წლამდე სერია ა ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატად ითვლებოდა. დროთა განმავლობაში დონე დაეცა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იტალიის ჩემპიონატი ბოლო 9 წლის განმავლობაში მხოლოდ "იუვენტუსმა" მოიგო.

გულშემატკივრები წელს განსხვავებულ სიტუაციას ელოდებიან, რადგან სხვა კლუბები საკმაოდ გაძლიერდნენ. "ბებერ ქალბატონში" კი მცირე არეულობაა. დიბალამ სპორტულ მენეჯერთან იჩხუბა, პირლო გამოუცდელი მწვრთნელია და ა.შ

ტურინულმა გრანდმა "ინტერ მაიამიში" გონსალო იგუაინი და ბლეზ მატუიდი გაუშვა. "ბარსელონას" კი მირალემ პიანიჩი არტურ მელოში გაუცვალა. იუვემ ნახევარდაცვის გასაახალგაზრდავებლად და გასაძლიერებლად "შალკედან" იჯარის წესით 22 წლის ვესტონ მაკკენი მოიყვანა.

დეიან კულუსევსკის იჯარა დაუმთავრდა და კლუბში დაბრუნდა. შვედი შეეცდება, რომ მასზე გაცემული ავანსები გაამართლოს. შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება. გუნდს ასევე ყოფილი ფეხბურთელი ალვარო მორატა დაუბრუნდა. ესპანელის შემთხვევაშიც საქმე იჯარასთან გვაქვს. საინტერესოა როგორ გაუძღვება ანდრეა პირლო ტურინულ კლუბს. ჯერჯერობით მისი შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

გადავიდეთ მილანის "ინტერზე" - "ნერაძურიმ" სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ იაქტურა. ხელმძღვანელობამ ანტონიო კონტეს სურვილი შეუსრულა და "დორტმუნდიდან" აქრაფ ჰაკიმი მოუყვანა. მარცხენა ფლანგისთვის კი კლუბმა გამოცდილი ალექსანდრ კოლაროვი დაიმატა. "ინტერს" ასევე მატეო დარმიანიც შეუერთდა, მაგრამ იჯარის წესით.

ანტონიო კონტეს გუნდს ნახევარდაცვაში სრულიად უსასყიდულოდ არტურო ვიდალი შეუერთდა. იჯარიდან დაბრუნდა რაჯა ნაინგოლანი და ახლა კლუბს ორგი გამოცდილი და ძლიერი ნახევარმცველი ჰყავს. წესით "ინტერს" კარგი სეზონი უნდა გამოუვიდეს.

ახლა "მილანის" რიგია - "როსონერი" სტეფანო პიოლის ხელში შესანიშნავად ათამაშდა. მიმდინარე სეზონში მათ სერია ა-ში 4 მატჩიდან ოთხივე მოიგეს და გათამაშების ლიდერები არიან. კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელები დაემატნენ. ესენი არიან - ბრაჰიმ დიაზი, დიოგო დალო, სანდრო ტონალი და ნორვეგიელი იენს პიტერი. ლუკას პაკეტამ კი "ლიონს" მიაშურა.

აღსანიშნავია, რომ ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელის ფონზე, "მილანის" მთავარი კოზირი მაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

ჩავიხედოთ ნეაპოლელთა საქმეში - გატუზოს გუნდის მთავარი და სერია ა-ს მიმდინარე წლის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ. "ნაპოლიმ" ასევე ბაკაიოკო დაიმატა.

რომაელებმა ახალგაზრდა ნიჭიერი მცველი მარაშ კუმბულა და ორი გამოცდილი შემტევი პედრო როდრიგესი და ბორხა მაიორალი შეიძინეს. რაც შეეხება "ლაციოს" მათ მხოლოდ ანდრეას პერეირა დაიმატეს "წითელი ეშმაკებიდან." "ატალანტამ" კი სემ ლამერსი და ალექსეი მირანჩუკი გაიფორმა.

საბოლოო ჯამში კლუბები კარგად არიან დაკომპლექტებული და როგორც უკვე მოგახსენეთ წინ საკმაოდ დაძაბული და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი გველოდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები