Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  16:19

გოლების სერია გრძელდება - ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა

ყაზახეთის პრემიერ ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმი მასპინძელი კლუბის, ''ტარაზის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ ლობჯანიძემ ყოფილ გუნდს ორი გოლი გაუტანა. 61-ე წუთზე მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა, ხოლო 82-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ''კაისარი'' მარცხისგან იხსნა.

ლობჯანიძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. ამ ეტაპზე მისი გუნდი 17 ქულით მე-5 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 3 ქულით ჩამორჩება.

28 წლის ცენტრფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგის 11 მატჩში 6 გოლი შეაგდო. ქართველი ლეგიონერი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ''ორდაბასის'' ბრაზილიელ ფორვარდ ჟოაო პაოლუს ჩამორჩება, სამხრეთამერიკელის ანგარიშზე 7 გოლია. მიმდინარე სეზონში ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატში გატანილი გოლების გარდა 1 გოლი ევროპა ლიგაზე კვიპროსულ ''აპოელს'' შეუგდო.

ვლადიმირ ვაისი ელგუჯა ლობჯანიძეს ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევს. მიმდინარე თვეში ტანმაღალმა ფორვარდმა სომხეთის წინააღმდეგ ცვლილებაზე ითამაშა და მსაჯის მიერ დამატებული წუთების ჩათვლით მოედანზე 15 წუთი გაატარა. ''კაისარის'' თავდამსხმელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში კი მხოლოდ ორჯერ მოხვდა გიბრალტართან და ხორვატიასთან.

ლობჯანიძის გარდა ყაზახეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა. ''ოკჟეტპესმა'' შინ ''ყიზილჟარი'' 2:1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა, 34 წლის ნახევარმცველმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს.

გრიგალაშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი გასავარდნ ზონაშია.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში