არველაძე: ''ბევრი რამ შევცვალეთ და პროგრესისკენ მიმართული გუნდი შევქმენით''
Aa
Aa

არველაძე: ''ბევრი რამ შევცვალეთ და პროგრესისკენ მიმართული გუნდი შევქმენით''

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' ირანის ვიცე-ჩემპიონი ''ესტეღლალი'' 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსით ინფიცირების გამო იზოლაციაშია და შეხვედრას არ დასწრებია.

ირანულ მედიაში შოთა არველაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი Irna.ir-თან აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც მისი გუნდი ირანის ჩემპიონ ''პერსეპოლისის'' წინააღმდეგ 30 სექტემბერს დოჰაში გამართავს. დაპირისპირება ერთმატჩიანია.

შოთა არველაძე: ''ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ირანის უძლიერეს გუნდს დავუპირისპირდებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ მატჩშიც მივაღწევთ წარმატებას.

რაც შეეხება ''ესტეღლალთან'' მატჩს, მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ვაკონტროლებდით. მეტოქე თავს კარგად იცავდა. ''ესტეღლალის'' ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად მომზადებულნი იყვნენ, თუმცა ჩემი გუნდის შემტევებმა კარგად ითამაშეს. სტატისტიკიდანაც ნათელია, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

ეს ფეხბურთია, სადაც შეუძლებელი არაფერია. გასულ წლებში ირანულ გუნდებთან კარგი მატჩები ჩავატარეთ. მეორე მხრივ, უზბეკეთის ეროვნულმა გუნდმა ირანთან კარგად ითამაშა. ირანს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ფეხბურთში, ბევრი რამ თქვას სპორტის ამ სახეობაში, რასაც მაგალითად ჭიდაობაში ახერხებს. მე საქართველოდან ვარ, ქართველები და ირანელები ჭიდაობაში ყოველთვის დიდ კონკურენციაში იყვნენ. ირანში თამაში 100 000 ქომაგის წინაშე ძალიან რთულია, თუმცა ახლა შეხვედრას ქომაგები არ დაესწრებიან. ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ.

''ფახთაქორში'' მოსვლისას გუნდში უამრავი ცვლილება განვახორციელეთ ინფრასტრუქტურასთან თუ აკადემიასთან მიმართებაში. ახლა ''ფახთაქორი'' ლამაზ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და იმედი მაქვს მიმდინარე სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად კარგად გამოვალთ''.

ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა ქართველი სპეციალისტის საფეხბურთო ფილოსოფიას: თქვენ თამაშობდით და შემდგომში მუშაობდით ჰოლანდიაში. თქვენი გუნდის სათამაშო სტილი ჰოლანდიური ფეხბურთის იდენტურია?

''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელის პასუხი ასეთია: ''არ ვფიქრობ, რომ ჰოლანდიური, გერმანული ან ესპანური საფეხბურთო ფილოსოფიის კოპირება გვჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრესი, მხოლოდ წინ ვიყურებით და ყოველთვის ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ''.

არველაძის თქმით ინფიცირების მიუხედავად ამჟამად თავს კარგად გრძნობს: ''ამ ეტაპზე გუნდთან ყოფნა არ შემიძლია, რადგან ჯერ კიდევ მაქვს კორონავირუსის სიმპტომები. მადლობა ღმერთს, ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. მადლობა ჩემს ოჯახსა და ფეხბურთელებს. სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრთან მუდმივ კომუნიკაციაში ვარ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები