Aa
Aa

"საფეხბურთო ასოციაციას ფულს არასდროს მივცემდი" - მოურინიოს მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "ნიუკასლს" შორის ანგარიშით 1:1. მოურინიოს ბიჭებმა ქულები დაკარგეს. თამაშის შემდეგ "დეზების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ Sky Sports-თან მწვავე კომენტარი გააკეთა.

"ახლა მხოლოდ ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობ. ისინი ძალიან კარგები იყვნენ. პირველი ტაიმი ბრწყინვალე იყო, შეგვეძლო 3:0 დაგვეფიქსირებინა, მაგრამ არ გაგვიმართლა. მოწინააღმდეგის მეკარემ შესანიშნავი ბურთები აიღო. მეორე ნახევარში თამაშს ვაკონტროლებდით, მეტოქეს საკუთარ საჯარიმოსთან არ ვუშვებდით, რადგან ეს სახიფათო იქნებოდა.

სამწუხაროდ ქულები დავკარგეთ, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. თამაშის დროს პენალტის დანიშვნა ემოციურად გამოვხატე, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულებულია. აღარ ვაპირებ ამაზე საუბარს! ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ზედმეტ ფულს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას არასდროს მივცემდი. ვეცდებოდი, რომ ეს თანხა ქველმოქმედებაში დამეხარჯა." - განაცხადა ჟოზემ

პორტუგალიელი სპეციალისტის ბოლო ფრაზა დამაინტრიგებელი გახლდათ. არავინ იცის რა იგულისხმა მოურინიომ. შესაძლოა ის ფიქრობს, რომ მსაჯები მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი ან მოსყიდულნი.

შეგახსენებთ, რომ მატჩის 97-ე წუთზე "ტოტენჰემის" კარში საკამათო პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად კალუმ ვილსონმა აქცია.

შემდეგ შეხვედრას "დეზები" 4 ოქტომბერს, სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები