Aa Aa
24 სექტემბერი 2020  |  16:43

''მიყვარს გარნეტი და თავგადასავლები'' - ინტერვიუ ნიკა კაჭარავასთან

პოზნანის ''ლეხის'' ქართველ ახალწვეულთან, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდთან, ნიკა კაჭარავასთან კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ ჩაწერილია ''აპოლონთან'' შეხვედრამდე. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა. გასვლითი შეხვედრა პოზნანის ''ლეხმა'' დიდი ანგარიშით მოიგო, კვიპროსულ გუნდს 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველმა ლეგიონერმა საგოლე გადაცემა მეხუთე გოლისას შეასრულა.

''ანორთოსისიდან'' პოლონეთის ვიცე-ჩემპიონში განათხოვრებული 26 წლის ფეხბურთელი მშობლებზე საუბრობს, მისი მამა კახა კაჭარავა ექს-ფეხბურთელია, ხოლო დედა ლია მიქაძე - ექს-კალათბურთელი.

''მამა ნიქოზიას ''ოლიმპიაკოსში'' თამაშობდა. სწორედ ამ დროს ნიქოზიაში დავიბადე. ერთი წლის ვიყავი, როცა კვიპროსი დავტოვეთ.

დედა კალათბურთელი იყო. ამიტომაც მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი. დედა მაღალია. ასევე მაღალია მამა, ეს არის კომბინაცია. ზოგჯერ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, კალათბურთს ვთამაშობ. ასევე მიყვარს საკალათბურთო მატჩების ყურება, თუმცა ბავშვობიდან ფეხბურთის თამაში უფრო სერიოზულად დავიწყე და სპორტის ამ სახეობას გავყევი, კალათბურთთან შედარებით ფეხბურთის თამაში უფრო მეტად მიყვარდა.

ნიკა კაჭარავა საკალათბურთო მოედანზე მშობლებთან და დასთან ერთად

View this post on Instagram

????‍????‍????‍????❤️

A post shared by ნათია კაჭარავა (@natiakacharava) on Sep 13, 2020 at 11:43am PDT

კევინ გარნეტის გამო ''მინესოტა ტიმბერვულვზის'' ქომაგი ვარ. გარნეტი ჩემი ფავორიტი მოთამაშე იყო. გარნეტის შემდეგ ''მინესოტა'' ისეთ კალათბურთელებს ირჩევს, რომლებიც მე მომწონს. შესაძლოა, ბოლო ათწლეული გუნდისთვის წარმატებული არ ყოფილა, თუმცა იმედი მაქვს, რომ შემდეგ სეზონში ''მინესოტა'' კარგი გუნდი იქნება.

ის ფაქტი, რომ მამა ფეხბურთელი იყო, მთავარი ფაქტორია რატომაც ფეხბურთზე გავაკეთე არჩევანი. მამა ჩემი კერპი იყო, ჩემი იდეალი და მის გზას, მის ნაკვალევს გავყევი. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ისევ ვითამაშებ გუნდში, სადაც მთავარი მწვრთნელი მამა იქნება. ეს გეგმაში მაქვს.

მამას ფეხბურთელობისას და მაშინაც, როცა მწვრთნელი იყო, მე ყოველთვის მასთან ყოფნა მსურდა, დავყვებოდი ვარჯიშებზე და ყოველთვის საფეხბურთო მინდორზე ვიყავი. სხვა რაღაცებზე ფიქრი არ შემეძლო, მხოლოდ ვფიქრობდი ფეხბურთზე და იმაზე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

6 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად გერმანიაში გადავედით და შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით. სწორედ ამ პერიოდში ფეხბურთის თამაში დავიწყე.

მიყვარს თავგადასავლები, ახალი ადგილების ნახვა, ადამიანების გაცნობა. ეს ფეხბურთელისთვის თანმდევი პროცესია. დიდებულია სხვადასხვა კულტურების გაცნობა.

მამა ჩემთან მუშაობისას ძალიან მომთხოვნი იყო. ის ჩემგან უფრო მეტს მოითხოვდა ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისგან. მას უნდოდა, რომ მოედანზე საუკეთესო ვყოფილიყავი. მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო, თუმცა ამავდროულად საპასუხისმგებლო და დიდ წნეხს ვგრძნობდი''.

''ლეხის'' პრესსამსახურის ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმ ფაქტს, რომ როცა კახა კაჭარავა თბილისის ''დინამოს'' წვრთნიდა, ნიკამ მამის შეთავაზებას უარით უპასუხა. ფეხბურთელის თქმით ასე არ ყოფილა და ეს მცდარი ინფორმაციაა: ''ასე არ იყო, არასწორი ინფორმაციაა. სხვა გუნდების მხრიდან წინადადებები მქონდა და საქართველოში დაბრუნება არ მსურდა''.

კაჭარავამ რუსულ კლუბებში, ყაზანის ''რუბინსა'' და ''როსტოვში'' გატარებული პერიოდები გაიხსენა: ''როცა ''რუბინში'' ვირიცხებოდი, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და კლუბს დიდი მიზნები ჰქონდა. ასეთ გუნდში დარჩენა ადვილი არ იყო. თამაში მსურდა. სწორედ ამიტომ დავტოვე ''რუბინი''.

''რუბინსა'' და ''როსტოვში'' ყოფნისას კაჭარავას ყურბან ბერდიევი წვრთნიდა: ''ვფიქრობ, ბერდიევი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მასთან მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თამაში მსურდა და სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით იჯარით კვიპროსულ ''ეთნიკოსში'' გადავედი''.

კაჭარავამ კვიპროსზე გატარებული წლები გაიხსენა, სადაც ის ''ეთნიკოსისა'' და ''ანორთოსისის'' ღირსებას იცავდა: ''კვიპროსში გატარებულმა წლებმა საუკეთესო მოგონებები დამიტოვა. ადგილობრივები ძალიან ზრდილობიანები და თავაზიანები არიან. გარემოსთან ადაპტაცია ძალიან ადვილია.

რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, კვიპროსის ჩემპიონატში კარგი და გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. ყველა გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და თამაშები ძალიან კარგი საყურებელია''.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში