Aa
Aa

"ელ კლასიკო" ტერ შტეგენის გარეშე? - გერმანელის რეაბილიტაცია გართულდა

როგორც ცნობილია "ბარსელონას" გოლკიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აგვისტოს მიწურულს მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ 1 თვე გავიდა და დღევანდელ დღემდე გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ სპორტული გამოცემა AS ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

ვიგებთ, რომ მარკის სარეაბილიტაციო კურსი გართულდა. ინდივიდუალური ვარჯიშის დროს მას მუხლი უსივდება და ვერაფრით ახერხებს სრულფასოვან ვარჯიშს. 28 წლის მეკარის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, მაგრამ გუნდის ფიზიოთერაპევტმა ჩავი ლინდემ ტერ შტეგენს დასვენებისკენ მოუწოდა, რადგან საქმე ისეთ ტრავმას ეხება, რომელიც შესაძლოა ქრონიკული გახდეს და სამომავლოდ უფრო მეტი პრობლემა შექმნას.

ამრიგად მარკი 25 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოს" დიდი ალბათობით გამოტოვებს. თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩავი ლანდე ვარაუდობს, მაშინ ტერ შტეგენი კლუბს ნოემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება და ამ პერიოდის განმავლობაში ის ლა ლიგის ექვს და ჩემპიონთა ლიგის სამ თამაშს გამოტოვებს. "ბარსელონას" ძირითადი მეკარის გარეშე ლა ლიგაში "ვილიარეალის", "სელტას", "სევილიას", "ხეტაფეს", "რეალის" და "ალავესის" წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

შეგახსენებთ, რომ მარკ-ანდრე "ბარსას" 2014 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა საკლუბო ტიტულის მოგება შეძლო. ჯამში გერმანელს "ბლაუგრანას" მაისურით 236 მატჩი აქვს ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები