Aa
Aa

ვაკომ გაიტანა და საუკეთესოდ დაასახელეს - სან ხოსემ პორტლენდთან ქულა აიღო

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსე“ MLS-ის მე-11 ტურის შეხვედრაში „პორტლენდ ტიმბერსს“ დაუპირისპირდა და ქულის აღება მოახერხა. „ერსქვეიქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მატიას ალმეიდამ კაშია განაცხადს მიღმა დატოვა. ყაზაიშვილმა კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ვაკო კარგ ფორმაშია და არგენტინელი სპეციალისტი არც ამ შეხვედრაში დააღალატა. მატჩის 76-ე წუთზე, როცა „პორტლენდი“ 1-0-ს იგებდა, „სან ხოსეს“ ფეხბურთელებმა, ყაზაიშვილმა და ვონდოლოვსკიმ მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და ქართველმა შემტევმა „ტიმბერსის“ კარი აიღო.

მსაჯმა თავდაპირველად ბურთი არ ჩათვალა, თუმცა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება შეცვალა. დარჩენილ დროში „სან ხოსე“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა და ერთ ქულას დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ „სან ხოსემ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ვაკო დაასახელა.

11 ტურის შემდეგ, „ერსქვეიქსის“ მონაგარი 11 ქულაა და ქართველების გუნდი დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება. „სან ხოსეს“ 7 მატჩია არ მოუგია და წარუმატებელი სერიის დასრულებას იმავე „პორტლენდ ტიმბერსის“ წინააღმდეგ შეეცდება, რომელსაც 20 სექტემბერს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები