Aa Aa
14 სექტემბერი 2020  |  19:07

შენგელია: „ცსკა-ს წინადადებაზე დიდხანს არ მიფიქრია. ქართველ ქომაგებს ყველაფერი ავუხსენი"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ News.ru-ს ინტერვიუ მისცა და ცსკა-ში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„ცსკა-ს წინადადებაზე დიდხანს არ მიფიქრია. სიმართლე გითხრათ, დადებითი პასუხის გასაცემად დაახლოებით კვირა ან შესაძლოა, უფრო ნაკლებიც დამჭირდა. რატომ ცსკა? ეს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვთამაშობ.

მნიშვნელობა არ აქვს რას წერენ და ამბობენ. დიახ, ამ მომენტში ცსკა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასე დარჩეს. ჩვენი ამოცანა გამარჯვებების მოპოვების გაგრძელებაა.

ცსკა-ს გულშემატკივრებმა თბილად მიმიღეს. ახლახანს ზუსტად კლუბის ქომაგებს შევხვდით და ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან. თანაც, როცა ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდა, მათ კომენტარებს ვკითხულობდი და მათი მოლოცვებიც ვნახე. ძალიან ბედნიერი ვარ ცსკა-ს ქომაგებმა მხარი რომ დამიჭირეს“.

შენგელიას კითხვა ქართველი გულშემატკივრებისა და საქართველოს პრეზიდენტისგან წამოსულ კრიტიკაზეც დაუსვეს და თოკომ მოსკოვისა და რუსი ხალხის შესახებაც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა მათი კომენტარები წავიკითხე. პირველ რიგში, უკვე მშვიდად ვარ და ქართველ გულშემატკივრებს ყველაფერი დიდი ხნის წინ ავუხსენი. მეორეც, მედიაში გავრცელებულ უარყოფით კომენტარებზე ყურადღებას არ ვამახვილებ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემმა ოჯახმა და ადამიანებმა, რომლებსაც ვუყვარვარ და მიცნობენ, მხარი დამიჭირეს.

მოსკოვს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, ქალაქი ძალიან მომეწონა. საბედნიეროდ ამინდის მხრივ გამიმართლა და რამდენიმე ადგილის მონახულება და მოსკოვში გასეირნება მოვასწარი.

რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში. რაც უფრო მეტს ვიგებ რუსებზე, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ წინ მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი მელოდება“.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ს მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს და VTB ლიგაზე ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება. მანამდე კი არმიელები რამდენიმე წინასასეზონო მატჩს გამართავენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში