ჩრ. მაკედონიას პრობლემები აქვს - ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
Aa
Aa

ჩრ. მაკედონიას პრობლემები აქვს - ნაკრებს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

ჩრ. მაკედონიის ნაკრებს საკადრო პრობლემები შეექმნა. საქართველოსთან გასამართ მატჩამდე, მაკედონიელებს ორი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გამოაკლდათ.

ივან ტრიჩოვსკის, რომელიც მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელია, მარცხენა ფეხზე დაზიანება აღენიშნება, უფრო კონკრეტულად კი მცირე ჰემატომა. - ინფორმაციას ekipa.mk ადასტურებს.

მეორე დაშავებული ფეხბურთელი კირე რისტევსკია. მაკედონიელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და საქართველოსთან მატჩში მონაწილეობას ვერც ის მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იგორ ანგელოვსკის გაწვრთნილ ნაკრებს, მთავარი მეკარეც არ ჰყავს. სტოლე დიმიტროვსკის სომხეთთან მატჩის წინ კორონავირუსი დაუდგინდა და შეკრება ნაადრევად დატოვა.

ტრიჩოვსკი და რისტევსკი საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან. ივანი 2015 წლის ზამთრიდან "ლარნაკას" ღირსებას იცავს და თავს საკმაოდ კარგი შედეგიანობით იწონებს. მან 165 ჩატარებულ შეხვედრაში 99 გოლი გაიტანა. რაც შეეხება რისტევსკის, იგი 2014 წლიდან ნაკრების შეუცვლელი მარცხენა ფლანგის მცველია. საბოლოო ჯამში ჩრ. მაკედონია თბილისში უდიდესი დანაკლისით ჩამოდის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაკედონიას შორის შეხვედრა 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება. ამ მომენტისთვის მაკედონია ცხრილში მეტი გატანილი ბურთების წყალობით პირველ ადგილს იკავებს. ანგელოვსკის შეგირდებმა სომხებს 2:1 სძლიეს, ხოლო ქართველებმა ესტონელები 0:1 დაამარცხეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები