ედერსონი - „მსუქანა
Aa
Aa

ედერსონი - „მსუქანა" ბიჭი ღარიბი ოჯახიდან, რომელიც სიტის მეკარე გახდა

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ „მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერს, ედერსონს საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელშიც ბრაზილიელის ცხოვრებაზე და მის მიერ საფეხბურთო სამყაროში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა.

***

„სანტიაგო ბერნაბეუზე“, „სიტისა“ და „რეალს“ შორის გამართულ მატჩში პეპ გუარდიოლას გეგმის საკვანძო ფიგურა ედერსონი იყო. „ქალაქელთა’ თავკაცმა ბრაზილიელი გოლკიპერის ერთ-ერთი მთავარი პლუსი, ფეხით კარგად თამაში, შესანიშნავად გამოიყენა. ის კი, რომ ედერსონი ბურთთან ასე კარგადაა, ჟილბერტო ლოპესის დამსახურებაა. ადამიანის, რომელმაც ედერსონი აღმოაჩინა.

„არა, პროფესორო. კარში არ ჩავდგები. მინდა, ჩემს პოზიციაზე, მარცხენა მცველად ვითამაშო“. ეს სიტყვები 9 წლის ედერსონისგან მოვისმინე და სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია. ამ ასაკში ბიჭებს გოლების გატანა სურთ და მეკარეობა დიდად არ ხიბლავთ. ედერსონი ძალიან სუსტი ბავშვი იყო და თანაგუნდელები მას ხუმრობით მსუქანას ეძახდნენ. მას კარგი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ ტექნიკური არ გახლდათ. ედერსონი თანატოლებზე სწრაფი იყო, მაგრამ შეტევაში წასვლის შემდეგ უკან დაბრუნება უჭირდა და მისთვის ტაქსი უნდა გამოგეძახათ დაცვაში რომ ჩამოსულიყო. მისი კარში ჩაყენება სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. გოლკიპერობა არ უნდოდა, მაგრამ წარმატებას მალევე მიაღწია, - იხსენებს ლოპესი Marca-სთან საუბრისას.

ედერსონის ოჯახი

ედერსონი „ებენესერის“ საფეხბურთო აკადემიაში 9 წლის ასაკში მივიდა და ჟილბერტო ლოპესი დახვდა. ბრაზილიელის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა თავისი ქნა.

„ედერსონი ჩვენთან მხოლოდ იმიტომ მოიყვანეს, რომ მისი ძმები ებენესერში ირიცხებოდნენ. მან ბავშვობა სიღარიბეში გაატარა და მისი ოჯახი ცხოვრობდა უბანში, სადაც სახლების უმრავლესობას სახურავიც კი არ ჰქონდა. მამამისი ყოველდღე, დილის 4 საათზე დგებოდა და დანიშნულების ადგილას ხილის ყუთები მიჰქონდა. ხანდახან ედერსონი მამას ეხმარებოდა... წარმოიდგინეთ, ეს ბიჭი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, თუმცა სიმართლე გითხრათ, მას ბევრი რამ დაავიწყდა და რამდენიმე პირობა არ შეასრულა“, - აცხადებს ლოპესი.

გინესის რეკორდი

ედერსონის მარცხენა ფეხი დაუჯერებლად ძლიერია და მან გინესის რეკორდიც დაამყარა. 2018 წელს მას 3 ცდიდან ბურთი 75 მეტრზე შორს უნდა დაერტყა და მიზანს 35 სანტიმეტრით გადააცილა. „მარცხენა ფეხი მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ედერსონს მეკარედ ვათამაშებდით, მაგრამ გოლები მაინც გაჰქონდა“, - იხსენებს ლოპესი.

ჟილბერტო ედერსონის ხასიათსა და დამოკიდებულებასაც აქებს და ამბობს, რომ მას არაფრის ეშინია. „ის უშიშარია და ასაკით უფროსი ბიჭების წინააღმდეგ თამაშის არასდროს ეშინოდა“.

2009 წელს ედერსონი „ბენფიკას“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა და დანარჩენი უკვე ისტორიის ნაწილია...

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები