კობიაშვილი: ''უეფა პრობლემური მატჩების საქართველოში გამართვაზე გვესაუბრა''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''უეფა პრობლემური მატჩების საქართველოში გამართვაზე გვესაუბრა''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით თუ ქართული კლუბები ევროტურნირების მატჩებს საქართველოში ჩაატარებენ, შესაძლოა უეფამ ქომაგთა დასწრების ნება დაგვრთოს. მან ამ თემაზე პირველი არხის გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას ისაუბრა.

''დღეს უეფა კონფერენციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას დავით მუჯირი მიიღებს. ამ კონფერენციის შემდეგ ბევრი რამ ნათელი გახდება. მოგეხსენებათ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა და ბევრ ქვეყანას ერთმანეთთან საზღვარი გახსნილი არ აქვს. აქედან გამომდინარე დღევანდელი კონფერენცია ძალიან ბევრ რამეს დააზუსტებს.

ჩვენც და უეფა-ს დაინტერესებულები ვართ, რომ სტადიონზე ხალხი შევიდეს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ შიდა ჩემპიონატში მაყურებელი თამაშებს ესწრება. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს განაპირობებს იმას, რომ უეფა მაყურებლების გარკვეულ რაოდენობას ევროთასების მატჩებზე დაუშვებს, მაგრამ შემოდგომისთვის რა ვითარება იქნება, როდესაც სანაკრებო თამაშებია დაგეგმილი, ჯერ უცნობია. იმედია, უკეთესი ვითარება იქნება და სტადიონებს უფრო გავხსნით.''

''შალკეს'' ექს-ფეხბურთელმა კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. შესაძლოა, უეფამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემური თამაშები საქართველოში დანიშნოს.

''უეფა-ს ერთ-ერთი გეგმა აქვს და ჩვენთანც ჰქონდათ ამის თაობაზე კომუნიკაცია. ორგანიზაციას საქართველოს იმედიც აქვს იმ შემთხვევაში, თუ თამაშის ჩატარებას ვერც ერთი მხარე ვერ უზრუნველყოფს – თუ მასპინძელი ორგანიზებას ვერ მოახერხებს, ხოლო სტუმარი – ჩასვლას. უეფაში ფიქრობენ, მატჩი რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩატარდეს. ჩვენ უეფა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მოხსენებას სულ გვთხოვს. იცით, რომ ასეთი თამაშების მასპინძლობის სურვილი კვიპროსმა გამოხატა. უეფა-ს ამ საკითხზე კომუნიკაცია ჩვენთანაც ჰქონდა.

ეს საკითხი მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არა არის, რადგან რისკები არსებობს, გააჩნია, რომელი ქვეყნების გუნდებსა და ნაკრებებზე იქნება ლაპარაკი. მაგალითად, ყაზახეთში რთული ვითარებაა. მაგრამ ესაა უეფა-ს გეგმა „ბ“, თუ რომელიმე ქვეყანა თამაშს ვერ ვერ უმასპინძლებს, მაშინ ჩვენ კანდიდატურას განიხილავენ. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება.''

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატების მატჩებს ქომაგები შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები