უსამართლო მოპყრობა კანის ფერის გამო - როუზმა რასობრივ პრობლემებზე ისაუბრა
Aa
Aa

უსამართლო მოპყრობა კანის ფერის გამო - როუზმა რასობრივ პრობლემებზე ისაუბრა

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, დენი როუზმა განაცხადა, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისას პოლიციელები ხშირად აჩერებენ და ეკითხებიან მანქანა მოპარული ხომ არაა... 30 წლის უკანახაზელი რეინჯ როვერს ფლობს და თვლის, რომ კანის ფერის გამო სამართალდამცველები უსამართლოდ ექცევიან...

„გასულ კვირაში პოლიციელებმა გამაჩერეს. როცა დონკასტერში ვიმყოფები, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს მეკითხებიან: „ეს მანქანა მოპარულია? საიდან გაქვს ეს ავტომობილი? აქ რას აკეთებ? შეგიძლია დაამტკიცო, რომ ეს მანქანა ნამდვილად შენ იყიდე“? მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გავხდი და მართვის მოწმობა ავიღე, მსგავსი რამ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როცა მაჩერებენ მეცინება, რადგან ვიცი რა მოხდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც იგივე ხდება... მახსოვს, ბოლოს, როცა მატარებლით ვიმგზავრე, გამცილებელმა მკითხა: „იცი, რომ ეს პირველი კლასია“? მე ვუპასუხე: „დიახ, მერე“? მან კი მითხრა: „კარგი, მაშინ შენი ბილეთი მაჩვენე“. ქალბატონის თხოვნა შევასრულე და გზა განვაგრძე. ჩემ შემდეგ ორი თეთრკანიანი მოდიოდა და გამცილებელს მათთვის არაფერი უთქვამს... როცა ვკითხე მათი ბილეთებით რატომ არ დაინტერესდა, მიპასუხა, რომ ამის საჭიროება არ იყო“...

შეგახსენებთ, რომ როუზი რასიზმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის და საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებასაც არ ერიდება. ინგლისელი ქველმოქმედებაშიც აქტიურადაა ჩართული და კორონავირუსის პანდემიის დროს სხვადასხვა კლინიკის სამედიცინო პერსონალს რამდენჯერმე დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები