უელსი-საქართველო - მატჩის წინ
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში, მესამე შეხვედრას, სტუმრად უელსთან გამართავს.
სფფ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, სრული დატვირთვით ივარჯიშა საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ, რომელმაც ირლანდიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი უელსის წინააღმდეგ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს.
პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, ვლადიმირ ვაისმა და ზურაბ ცისკარიძემ უპასუხეს.
ვლადიმირ ვაისი: - "უელსი ძლიერი გუნდია. მათ ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც გარეტ ბეილია. მას, მესისა და რონალდუზე დაბლა, ვერანაირად დავაყენებ. მისი შეჩერება რთული იქნება, თუმცა წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გუნდმა პირველი თამაშები ცუდად ჩაატარა. თუმცა, ბოლო 3 თამაშში ჩვენმა ფეხბურთელებმა მოედანზე კარგი სათამაშო დისციპლინა აჩვენეს. მწვრთნელისთვის ახალ გუნდში გადასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.
- ვფიქრობ, რომ ხვალ ბოლო შანსია, ჯგუფში მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ. მჯერა, ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქეს წავართვათ ქულები, ამისთვის საჭიროა, შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ. უელსის ნაკრებს სათანადოდ უნდა შევხვდეთ, ამავდროულად დაბალანსებული ფეხბურთი ვითამაშოთ და თამაშის მოგებაზე ვიფიქროთ.
- საბა კვერკველია თამაშისთვის მზადაა. იგი ხვალ სპეციალური დამცავი ჩაფხუტით ითამაშებს. ბოლო ორ თამაშში მარცხის მიუხედავად, დადებითად უნდა შევხედოთ მომავალს. ვამჩნევ, რომ გუნდში კარგი განწყობაა. აქამდე უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ მუდმივად უიღბლობაზე საუბარს ვერ შევძლებთ და დროა, ქულების მოგროვება დავიწყოთ".
ზურაბ ცისკარიძე: - "გარეტ ბეილი საოცარი ფეხბურთელია და დიდი პატივი იქნებოდა მის წინააღმდეგ თამაში. ჩემი აზრით, მის გარეშე უელსის გუნდი თავისი შესაძლებლობების ნახევარს კარგავს. რემზი და ალენიც დიდი დანაკლისია და იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშში მეტოქის პრობლემებით ვისარგებლებთ და დადებით შედეგს მივაღწევთ".
მატჩი "კარდიფ სიტის" სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" განახორციელებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით