Aa Aa
27 ივლისი 2020  |  18:18

გზა ევრობასკეტისკენ – ილიას ზუროსი და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი

2015 წლის ევრობასკეტის შემდეგ იგორ კოკოშკოვმა სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა. შესაბამისად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ახალი მწვრთნელის ძიებამ მოუწიათ.

2016 წლის 18 თებერვალს გამოცხადდა: საქართველოს ნაკრებს ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი გაწვრთნის. ხელშეკრულება 1+1-წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

ბატონმა ილიასმა პირველივე შეხვედრაზე თქვა:

– ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ასე რომ არ იყოს, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას არც დავთანხმდებოდი.  კალათბურთი ყველგან ერთია, ამერიკაშიც და ევროპაშიც. ახალს ვერაფერს მოვიგონებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევიან. დაცვა, მოხსნა, ნაკლები შეცდომა – აი, წარმატების რეცეპტი. შეიძლება, ერთი ბურთი ვერ ჩააგდო, მეორეც აგიცდეს, მესამეც, მაგრამ თუ დაცვაში სწორად დგახარ, წარმატების შანსი მაინც გაქვს. ხოლო თუ დაცვა ჩავარდა, შედეგიც არ გექნება. ისე არავინ გაიგოს, თითქოს, შეტევაზე უარს ვამბობდე, უბრალოდ, მარტივი ლოგიკაა – კარგი დაცვის შემდეგ კიდევ უფრო კარგი შეტევის წამოწყება შეიძლება.

 შესარჩევი 2016

ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში მოხვდნენ მონტენეგრო, სლოვაკეთი და ალბანეთი. სლოვაკეთთან და ალბანეთთან სახლშიც მოვიგეთ და სტუმრადაც. მონტენეგროსთან კი 7 სექტემბერს გამართული თბილისური დაპირისპირება სავსე ტრიბუნების წინაშე 74:76 დავთმეთ.

– ბრძოლა წავაგეთ და არა – ომი! მჯერა, რომ დასახულ მიზანს, რაც ევრობასკეტზე მოხვედრაა, მაინც მივაღწევთ, – თქვა ზუროსმა ნამატჩევს.

10 დღეში მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა მონტენეგროში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თამაში ჩაატარა: მატჩის დასრულებამდე 1:21 წუთით ადრე ვიქტორ სანიკიძემ საკუთარი ნახევრიდან ორი ნაბიჯი გადადგა და ბურთი მონტენეგროს კალათისკენ სტყორცნა. დარწმუნებული ვარ, იმ ეპიზოდში, ვინც თამაშს თვალს ადევნებდა, ემოცია ვერ შეიკავა… ვიქტორმა ჩააგდო და 85:84 დაგვაწინაურა. მასპინძლებს გავასწარით და საბოლოოდ 90:84 დავამარცხეთ. ამ მოგებით საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტის საგზური მეოთხედ მოიპოვა.

აკროპოლისის თასით

2017 წელს მოსამზადებელ ეტაპზე ისეთი გუნდები დავამარცხეთ, დავიჯერეთ, რომ ევრობასკეტზეც ფავორიტები ვიქნებოდით: ლიეტუვაში მასპინძლებსაც ვაჯობეთ (81:70), ლატვიელებსაც (73:69) და კლაიპედადან ოთხთა ტურნირის გამარჯვებულის სტატუსით ჩამოვედით.

ამას მოჰყვა აკროპოლისის თასი, სადაც მონაწილეობაც დიდ პრესტიჟად ითვლება. გიორგი ცინცაძის ეფექტით საბერძნეთი 72:71 დავამარცხეთ, მეორე დღეს არც სერბეთი დავინდეთ (68:66) და “აკროპოლისის თასს” დავეპატრონეთ.

ევრობასკეტი 2017

დაიწყო ევროპის ჩემპიონატი და საქართველომ კვლავ აანერვიულა ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი: ერთ თვეში ერთ გუნდთან ორჯერ რომ წააგებ, ე.ი. გჯობიაო, – ჩიოდა ლიეტუველი ლეგენდა ნამატჩევს. მისმა გუნდმა ხომ საქართველოსთან გახსნითი შეხვედრა 77:79 დათმო.

ილიას ზუროსი კი, პირველმა გამარჯვებამ ძალიან დააფიქრა:

– უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, განვაგრძოთ წინსვლა და ამის შემდეგ დავტკბეთ წარმატებით. მეკითხებით, რატომ არ ვიღიმი? სწორედ იმიტომ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დიდი ხანია მწვრთნელად ვმუშაობ და ვიცი, საქმის კარგად დაწყების შემდეგ რაოდენ რთულია, ბოლომდე ასევე მიყვანა”, – თქვა ზუროსმა.

სამწუხაროდ ყველაფერი ისე მოხდა, რისთვის თავის არიდებასაც ზუროსი ცდილობდა: საქართველოს ნაკრებმა დიდი ფიზიკური და ემოციური ენერგია შეალია ლიეტუვასთან მოგებას, რასაც მოჰყვა სამი წაგება უშუალო კონკურენტებთან – გერმანიასთან, იტალიასთან და უკრაინასთან, ხოლო ისრაელთან გამარჯვება პლეი ოფში გასასვლელად აღარ გვეყო.

– მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ამისთვის მთავრული ასოებია საჭირო. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველას დაანახა თავისი ხასიათი! დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე მოგვყვა და თითოეული მატჩი გაალამაზა, – ასე დაემშვიდობა ილიას ზუროსი ევრობასკეტს.

მსოფლიოს თასი 2019

ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან ერთ თვეში, 13 ოქტომბერს ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზისთვის მზადებას შეუდგა.

– საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ… შესაბამისად, ნაკრებში ევროლიგის კალათბურთელები ვერ ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემ ოპერაცია გაიკეთა. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ორ ეტაპად გაიმართა: პირველ ჯგუფში ჩვენი მოწინააღმდეგეები სერბეთი, გერმანია და ავსტრია იყვნენ. ჯგუფიდან სამი გადიოდა. საქართველო გერმანიისა და სერბეთის შემდეგ მესამე იყო და განაგრძო ბრძოლა მეორე ეტაპზე, სადაც საბერძნეთს, ისრაელსა და ესტონეთს დაუპირისპირდა.

ისრაელი ორჯერვე დავამარცხეთ, ესტონეთთან მოგება-წაგება გავცვალეთ, ხოლო საბერძნეთთან თბილისური შეხვედრა ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოდგა: ბოლო წამზე მიღებული ორქულიანით დავმარცხდით – 85:86.

– ამ თამაშში წაგებას არ ვიმსახურებდით! – ასეთი რამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსისგან პირველად მოვისმინეთ. მანამდე მის წინამორბედს იგორ კოკოშკოვს აქვს ნათქვამი – 2015 წლის ევრობასკეტზე იოანის მაჩიულისის სამქულიანებით ბოლო წამზე ლიეტუვასთან რომ წავაგეთ (1/8 ფინალში).

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფიდან სერბეთი, გერმანია და საბერძნეთი გავიდნენ.

საინტერესო იყო ისიც, რომ ამ შესარჩევზე საქართველოს ნაკრებში სამმა ამერიკელმა ითამაშა – მაიკლ დიქსონმა დაიწყო, მეტ ჯენინგმა და თად მაკფადენმა განაგრძეს. თადი ჩვენს გუნდში ილიას ზუროსმა მოიწვია და სწორი ნაბიჯი რომ გადადგა, ევრობასკეტი 2021-ის (რომელიც მოგვიანებით 2022-ად გადაკეთდა) შესარჩევ ეტაპზეც გამოჩნდა. მაკფადენმა ხომ 33 ქულა ჩაუგდო სერბეთს…

ევრობასკეტი 2022

ილიას ზუროსი დიდი სიხარულით შეხვდა საქართველოსთვის ევრობასკეტის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას. მან ზაფხულში შეკრიბა ახალგაზრდები და დაიწყო ახალი გუნდის შენება, რომელიც 2021 წლისთვის ევროპის ტოპ-კლასის ნაკრებად უნდა ქცეულიყო. ვინაიდან კორონავირუსმა ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაავადა, ზუროსის ამოცანა შეიცვალა – გუნდი საბრძოლო პიკში 2022 წლისთვის უნდა იყოს.

პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი გუნდი შესარჩევ მატჩებში ჩაერთო. საქართველოს ნაკრებს, თითქოს, მოტივაცია არ უნდა ჰქონდეს, ევროპაზე მაინც გასულია, მაგრამ ჯგუფში რაც შეიძლება კარგი ადგილის დაკავება ევრობასკეტის წილისყრისას მას ზედა კალათაში მოათავსებს. ესეც რომ არა, საქართველოს ნაკრებისთვის ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ გარემოებაში მთავარია გამარჯვება, რაც შესარჩევის საწყის ორ მატჩში დაამტკიცა. თბილისში  შვეიცარია 96:88 დაამარცხა, ბელგრადში სერბეთი – 94:90.

სერბეთთან მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ახალგაზრდებზე ილაპარაკა:

– მოგებაზე მეტად მიხარია, რომ ახალგაზრდა კალათბურთელები კარგად ჩაერთნენ თამაშში, გვიჩვენეს, რაც შეუძლიათ. თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენი ამოცანა ევრობასკეტისთვის ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა. ამ საქმეში კი ახალგაზრდები ძალიან გვჭირდება. იყო შეცდომები, მაგრამ მათ მიიღეს დიდი გამოცდილება. ისევე როგორც სერბეთისთვის, საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მომზადება ჩვენთვისაც ძალიან რთულია, რადგან ყოველი შეხვედრის წინ გვაქვს მხოლოდ სამი დღე. როგორც სერბების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, ისე მე, ჯადოქრობას ვერ მოვახდენთ, გუნდის შეთამაშებას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე სამი დღე.

ველით კარგი დასაწყისის ასეთივე გაგრძელებას: საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევის მომდევნო მატჩი 27 ნოემბერს ფინეთში ელის.

დ ი დ ი   ს ა ქ მ ე   ს ც ე ნ ი ს   მ ი ღ მ ა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, შექმნის დღიდან, მრავალ თავისი საქმის პროფესიონალ სპეციალისტს უმუშავია. 2000-იან წლებში საქართველოს ნაკრების მატჩისას ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გაკვირვებით ჰკითხა მის გვერდზე მჯდომს: დათვალე, სათადარიგოთა სკამზე რამდენი მწვრთნელი ზის – ერთი, ორი, სამი, ოთხი… რაში სჭირდებათ ამდენი?

იყო დრო, მწვრთნელი სელექციონერიც გახლდათ, გუნდის უფროსიც, ფიზმომზადებაც მას ებარა და საჭიროების შემთხვევაში ექიმის ფუნქციასაც ასრულებდა. მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო იხვეწება კალათბურთი და ერთი კაცი უბრალოდ ვერ გაუძღვება ამდენ საქმეს. შეიძლება გაუძღვეს, მაგრამ ხარისხი არ იქნება.

ჰოდა, საქართველოს ნაკრებშიც შედეგები მწვრთნელებისა და ხარისხის მატებასთან უმჯობესდებოდა. გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ყველას, მასაჟისტიდან დაწყებული, გუნდის უფროსით დამთავრებული.

***

90-იან წლებში ეროვნულ გუნდში სამი მთავარი მწვრთნელი მუშაობდა: ბესიკ ლიპარტელიანი, ლევან მოსეშვილი და ზურაბ ტომარაძე. ასისტენტის ფუნქციებს სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, ზაზა ცაგარეიშვილი, ნუგზარ კანდელაკი. ფიზმომზადება გამოცდილ ავთო ბერიძეს ებარა.

გუნდის უფროსი ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ. საექიმო შტაბში მოღვაწეობდნენ ვალერი მელაძე, რეზო ლორთქიფანიძე, ზურაბ იოსელიანი.

***

2000-იანებში საქართველოს ნაკრებში უცხოელი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მათ ქართველი ასისტენტებიც ჰყავდათ და უცხოელიც: ზურაბ ტომარაძე, დავით უსტიაშვილი, ნუგზარ კანდელაკი, ჯეისონ სტაუდტი, კენ შილდსი, კენი ატკინსონი.

სხვათა შორის, ეს ის ატკინსონია, 2016 წელს NBA-ის კლუბის, “ბრუკლინ ნეთსის” მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა და დღემდე ბრუკლინელებს წვრთნის.

გუნდის უფროსი მერაბ რატიშვილი იყო. ფიზმომზადება 2000-იანებშიც ავთო ბერიძეს ებარა, ხოლო ნაკრების კალათბურთელთა ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ თემურ ყიფშიძე, ბიძინა ჯაგაშვილი, თემურ ხვედელიძე, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი ექიმია. სამედიცინო შტაბში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ზაქრო ჯვარიძე, ზურაბ სულეიმანაშვილი, მიხეილ სურამელაშვილი.

***

2008 წელს საქართველის ნაკრების მთავარ მწვრთნელად სერბი იგორ კოკოშკოვი დაინიშნა, რომლის დროსაც სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: ასისტენტად დარჩა დავით უსტიაშვილი, კალათბურთელის კარიერა დაასრულა და კოკოშკოვის გვერდით, მწვრთნელად განაგრძო მოღვაწეობა კოტე ტუღუშმა.

ბატონ იგორს უცხოელი ასისტენტებიც ჰყავდა: ჯეისონ სტაუდტი, ალექსანდრ ჩვოროვიჩი (ფიზმომზადება), იურიცა გოლემაცი, სანდრო ბერკანდინი. 2015 წელს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ნაკრებში კოკოშკოვის თანაშემწეებად დაინიშნენ მილოშ გლიგორიევიჩი და ტიხომირ ბუიანი. მათ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შედეგ კიდევ უფრო საპასუხისმგებლო საქმე ჰქონდათ – საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელები იყვნენ. მილოშ გლიგორიევიჩი ახლაც ამ თანამდებობაზეა, პარალელურად კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თავკაცია.

***

2016 წლიდან იგორ კოკოშკოვის ნაცვლად ნაკრების მთავარ მწვრთნელად ილიას ზუროსი დაინიშნა და სტრატეგიაც შეიცვალა. ბერძენი სპეციალისტი ისევ მილოშ გლიგორიევიჩსა და ტიხომირ ბუიანს ეყრდნობა, ჩამოიყვანა თავისი თანამემამულე გიორგიოს ლიმნაიტისი, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელად ირაკლი შიოშვილი მუშაობს, მასთან ერთად გამოცდილი ბერძენია – გიორგიოს ვავეცისი. 

რაც შეეხება სტრატეგიის ცვლილებას: ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბში მწვრთნელები რეგულარულად იცვლებიან. რაც მეტ ქართველ მწვრთნელს მიეცემა მაღალ დონეზე მუშაობის შანსი, მით უკეთესი. 2017 წლის ევრობასკეტზე ბერძენ მწვრთნელს კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ეხმარებოდნენ, შემდეგ გუნდში გამოჩნდნენ დიმიტრი ჟაკობოვი, დავით როგავა და თემურ კანკია.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის წინ ნაკრებში ილიას ზუროსმა ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი დააბრუნა, ოღონდ ამჯერად მწვრთნელების რანგში. თითქმის ათი წელია, საორგანიზაციო საკითხებს მაღალ დონეზე აგვარებენ გუნდის გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე, ხოლო მენეჯერი – გია სანაძე ნაკრებში 2004 წლიდანაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები