Aa
Aa

ბარტომეუ: "მესი აუცილებლად დარჩება, ჩავი კი ადრე თუ გვიან ბარსას გაწვრთნის"

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ მედიას აქტუალური თემების შესახებ ესაუბრა. ერთ-ერთი თემა ლიონელ მესის მომავალს უკავშირდებოდა, რაზეც ბარტომეუმ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვილაპარაკეთ, ვლაპარაკობთ და გავაგრძელებთ ლაპარაკს მესისთან. მას კარიერის აქ დასრულება სურს და ჩვენ კონტრაქტს აუცილებლად გავახანგრძლივებთ. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ იგი კარიერას ჩვენს გუნდში დაასრულებს“.

„ბლაუგრანას“ პირველმა პირმა კომენტარი კიკე სეტიენის შესახებაც გააკეთა, ჩავისთან დაკავშირებით კი მოკლე განცხადებით შემოიფარგლა.

„ორივე მხარეს საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულება გვმართებს. ატიპიური სეზონია და მის დასრულებამდე გუნდს სეტიენი უთავკაცებს, ამის თქმა დაზუსტებით შემიძლია. შესაძლოა, იგი ამ პოსტზე მომავალ სეზონშიც ვიხილოთ. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პირველადი მოლაპარაკებები მის სახლში უკვე შედგა, თუმცა დასკვნითი შეხვედრები სეზონის დასრულების შემდეგ გაიმართება. პირადად მე მისი აზრი და ხედვები ძალიან მაინტერესებს.

რაც შეეხება ჩავის, იგი ადრე თუ გვიან „ბარსას“ თავკაცი გახდება. თუმცა, ახლა მწვრთნელს არ ვეძებთ და კიკესთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ“.

კიკე სეტიენს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჩავიმ კი ივნისში განაცხადა, რომ იმედი აქვს, „ბარსას“ გაწვრთნის და გუნდს გამარჯვებების გზებზე დააბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები