ხეჩიკაშვილი: ''ძალიან მძიმე დღე იყო... მისი უხეშობა მოედანზეც არ მახსოვს''
Aa
Aa

ხეჩიკაშვილი: ''ძალიან მძიმე დღე იყო... მისი უხეშობა მოედანზეც არ მახსოვს''

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემა ''360 გრადუსში'' ტრაგიკულად გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის შესახებ ისაუბრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ''ყველაზე მძიმე დღე იყო, როცა გიორგის პირდაპირ ეთერში მოვუწოდებდი გამოჩენილიყო, თუმცა ტრაგედიის შესახებ მაცნობეს. მას შემდეგ მედიასთან არ მისაუბრია. ეს შეგნებულად გავაკეთე, არ მინდოდა პოლიტიკური ელფერი შესძენოდა ან რაღაც განცხადებები გამეკეთებინა.

ჩემს შვილზე, ''შაქარაზე'' ძალადობაში მონაწილეობა თავიდანვე გამოვრიცხე. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზეც ჩხუბობენ და გვეშინია ხოლმე წითელი ბარათი არ მიიღონ, მაგრამ ''შაქარა'' ასეთი არ იყო.

ხშირად მითქვამს, იშვიათია კაცი თავის გვარს ასე ამართლებდეს. მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, მე არ მახსოვს მისი უხეში თამაში. შვლის ნუკრივით იყო, მეტოქეც პატივისცემით ეპყრობოდა. შესაძლოა, იმ ტრაგიკულ ღამეს ალკოჰოლი მიიღო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ძალიან მცირე დოზით იქნებოდა.''

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. მისი ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.

შაქარაშვილი ''საბურთალოს'' აღზრდილი გახლდათ. კოხრეიძისა თუ ლაკვეხელიანის მსგავსად შაქარაშვილმაც ''საბურთალოში'' ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ბოლოს სარეზერვო გუნდის მოთამაშე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები