Crystalbet ეროვნული ლიგა - საბურთალომ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და თელავი დაამარცხა
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - საბურთალომ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და თელავი დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ერთ-ერთი შეხვედრა დღეს, „საბურთალოსა“ და „თელავს“ შორის გაიმართა. მატჩი დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოდგა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე გავიდა. თელაველთა უკანახაზელმა, თორნიკე ძოწენიძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მატჩის მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი გიორგი კოხრეიძემ გამოიყენა და ანგარიში გახსნა.

დარჩენილ დროში „თელავმა“ წონასწორობის აღდგენა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და „საბურთალომ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისურმა გუნდმა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 8 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება. „საბურთალო“ მომდევნო შეხვედრას თავისი ყოფილი თავკაცის, გიორგი ჭიაბრიშვილის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.

„თელავს“ რაც შეეხება, რევაზ გოცირიძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და 6 ქულა დარჩა. თელაველებს მომდევნო ჯახი ბოლოადგილოსანი „ჩიხურას“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები